სომხეთი

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

ria.ru

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა.

გენშტაბის შეფასებით ხაჩატრიანის გათავისუფლება არაშორსმჭვრეტელური და უსაფუძვლო იყო, ქმედების მიზეზად კი ფაშინიანის პირადი და ამბიციური მისწრაფებები დაასახელეს.

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრების განცხადებით ისინი დიდი ხანია მთავრობის მიერ დისკრედიტაციის მსხვერპლები არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს" - წერია გენშტაბის განცხადებაში.

განცხადებაში გენშტაბი ფაშინიანს არასწორი საგარეო პოლიტიკის გატარებასა და სომხეთის სახელმწიფოს ნგრევის პირას მიყვანაში ადანაშაულებდა.

"ჯარი ყოველთვის ხალხის მხარესაა, ისევე როგორც ხალხია ჯარის მხარეს" - დამატებული იყო განცხადებაში.

ფაშინიანმა ამ განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და საკუთარ მხარდამჭერებს მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა.

23 თებერვალს ფაშინიანმა რუსული "ისკანდერის" სარაკეტო სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ გასულ წელს ყარაბაღის კონფლიქტის დროს, რაკეტების დიდი ნაწილი არ აფეთქებულა. ამ სიტყვებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ჰკითხეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ხაჩატრიანს, რომელმაც თქვა, რომ ამის გაგონებაზე დიდი ხანი იცინოდა და ფაშინიანის კრიტიკა არასერიოზული უწოდა.

ამის შემდეგ ფაშინიანმა ხაჩატრიანის თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციატივა წამოაყენა, რასაც პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დაეთანხმა.


10 ნოემბერს ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა ოპოზიციამაც. შეთანხმების შედეგად მთიანი ყარაბაღის რეგიონის ნაწილი, ისევე, როგორც მის გარშემო მდებარე შვიდი ოლქი აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ გადავიდა, ხოლო მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქციები სომხეთის დედაქალაქში. აქციების ორგანიზატორი 16 პარტიისაგან შემდგარი კოალიცია იყო. ფაშინიანმა გადადგომაზე უარი თქვა, თუმცაგანაცხადა, რომ 2021 წელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას განიხილავდა. 

კომენტარები