სომხეთი

სომხეთის ექსპრეზიდენტები მოსახლეობას არმიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

BBC

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარგსიანი მოსახლეობას სამხედრო გენშტაბის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"გადამწყვეტი ნაბიჯის დრო მოვიდა". - ამბობენ ისინი.

ერევანში ვითარება სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადების შემდეგ დაიძაბა. გენშტაბი პრემიერი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. 

ერევნის ცენტრში შეიკრიბნენ როგორც ფაშინიანის, ისე გენშტაბის მხარდამჭერები. მათ შორის უკვე მოხდა მცირე ხელჩართული შეტაკება. 

მობილიზებულია ერევანის პოლიციის დამატებითი რაზმები, რომელბიც სახელმწიფო უწყების შენობებს იცავენ.

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა გენშტაბის მიმართვაც, რომ მათი ქმედება არავის ნაკარნახები არ არის და ეს მათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა კრიტიკულ მომენტში ქვეყნის გადასარჩენად. 

დემონსტრანტების მობილიზების პარალელურად ერევნის თავზე ავიაგამანადგურებელი გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ რუსული МиГ-29-ა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ავიაძალებს ეს სამხედრო თვითმფრინავი არ აქვთ. ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელდა.

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა.

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". - წერია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები