კრიმინალი

შსს: ზუგდიდში მძარცველი პოლიციის საპასუხო სროლის შემდეგ უგონოდ იპოვეს – ის გარდაიცვალა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე შეჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირის მიმართ საპასუხო სროლის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა ყაჩაღობის ფაქტი. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა ოქროს ბირჟაზე და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". – ნათქვამია შშს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

"შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში იპოვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო

კომენტარები