ბარაკ ობამა

BORN IN THE USA - ბრიუს სპრინგსტინმა და ბარაკ ობამამ პოდკასტების სერია დაიწყეს

NBC News

როკ მუსიკოსმა ბრიუს სპრინგსტინმა და აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთობლივი პოდკასტების სერია Renegades: Born in the USA დაიწყეს.

"განსხვავებული წარსულისა და კარიერის მიუხედავად, მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ. დღეიდან მსმენელს ბრიუს სპრინგსტინის და ბარაკ ობამას საუბრის მოსმენა პოდკასტ Renegades: Born in the USA საშუალებით შეუძლია. კარგი მეგობრები მშობლიურ ქალაქებზე, მისაბაძ ადამიანებზე და ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკებენ". – წერია პოდკასტის პრეს რელიზში.

პოდკასტის სახელი სპრინგსტინის ერთერთი მთავარ ჰიტზე, Born in the USA-ზე ალუზიაა. სიმღერა 1984 წელს გამოვიდა და მიუხედავად კონტროვერსიული ტექსტისა, რონალდ რეიგანის საარჩევნო კამპანიის ჰიმნი გახდა. გამოცემა Rolling Stones-მა სინგლი ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის დაასახელა. პოდკასტი ბარაკ და მიშელ ობამების მიერ დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიის, Higher Ground-ის პროდუქტია.

სპრინგსტინის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო და პიკს 70-იანი წლების ბოლოს მიაღწია. მომღერალს 20 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან 13 პლატინის, ხოლო 7 ოქროსია. 1999 წელს მუსიკოსი როკ ნ როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა. 2009 წელს მიიღო კენედის ცენტრის ჯილდო, 2013 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისუფლების მედალი გადასცა. არის 11 გრემის, ერთი ოსკარის, ერთი ტონის და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი. 90-იანი წლებიდან აქტიურად იბრძვის LGBTQ ადამიანების უფლებებისთვის, 2008 წელს ობამას, ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენის მხარდამჭერი იყო.

22 თებერვალს პოდკასტის ორი ნაწილი An Unlikely Friendship და Race in The United States გამოვიდა. ამ ეტაპზე პოდკასტის მოსმენა პლატფორმა Spotify-ზეა შესაძლებელი. ჩანაწერი შარშან, სპრინგსტინის სახლშია გაკეთებული. Renegades: Born in the USA-ის კიდევ ექვსი ეპიზოდი გამოვა.

კომენტარები