Clubhouse

Clubhouse-ი კონფიდენციალურობისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემების წინაშეა

ფოტო:  Rafael Henrique , Getty Images

ახალი სოციალური პლატფორმა Clubhouse-ი კიბერუსაფრთხოების გამოწვევების წინაშეა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აპლიკაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკას არღვევს და მომხმარებლების პირად ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას უზიარებს. 

სტენფორდის კიბერუსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის (SIO) წარმომადგენლების თქმით, აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა ჩათვალონ, რომ მათი საუბრები იწერება და ისმინება. 

"Clubhouse-ი მსოფლიოს ვერცერთ წერტილში ვერ უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას". – ამბობს SIO-ის მკვლევარი, ალექს სტამოსი. 

ექსპერტების თქმით, Clubhouse-ის გამოწვევები მის პარტნიორ კომპანიასთანაა დაკავშირებული, რომელიც ჩინეთშია დაფუძნებული. აპლიკაცია Agora Inc.-ის ტექნოლოგიებს იყენებს, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების გარანტირებას. 

ჩინური კანონმდებლობით, Agora ვალდებულია, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, გააზიაროს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის Clubhouse-ის მომხმარებლებიდან მიღებულ კონფიდენციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია მომხმარებლის იდენტობის, კონტაქტების, ხმოვანი ჩანაწერებისა და საუბრების შესახებ. 

Clubhouse-ის წარმომადგენლების თქმით, მათ სერვერებზე დროებით ინახება საუბრების ჩანაწერები, თუმცა უცნობია, სად და რამდენი ხნით ინახავს კომპანია ამ ინფორმაციას. 
ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას აქტიური წვდომა აქვს ამ ჩანაწერებთან.  

გარდა ამისა, Bloomberg-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ Clubhouse-ზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ჰაკერებმა ათასობით აუდიო ჩანაწერი მოიპარეს და უკანონოდ გამოაქვეყნეს. 
ანალიტიკოსების თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Clubhouse-ის სისტემის დაუცველობასა და აშკარა კიბერუსაფრთხოების პრობლემებს. 
 

კომენტარები