ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი გავრილოვის ღამეს კაპიტოლიუმის შტურმს ადარებს: 4 ადამიანი ადგილზე მოკლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო გავრილოვის ღამეს და გაიხსენა აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმისას 4 ადამიანის ლიკვიდაციის ფაქტი.

"ეს კრიმინალი  რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს და გვეუბნებიან, რომ ის მძიმე დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და რომელსაც შსს და პროკურატურა იძიებს, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმსა და ხელისუფლების ძალადობით დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ ასეთ დანაშაულებზე ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ? მაგალითს გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შემდეგაც 150 ადამიანი დააკავეს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. რაზე ვსაუბრობთ?". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


2021 წლის  6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

ამ აქციას, რომელსაც "მსვლელობა ამერიკის გადარჩენისთვის" უწოდეს დონალდ ტრამპიც შეუერთდა და სიტყვით გამოვიდა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

არეულობისას გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის ერთი წევრი. თავდასხმისას პოლიციის მიერ ცეცხლის გახნის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალი. გარდაცვლილი ეშლი ბაბიტი ტრამპის მხარდამჭერი და QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიმდევარი აღმოჩნდა. შტურმის მონაწილე კიდევ ერთი პირი, როსენ ბოილენდი ჭყლეტის დროს დაიღუპა, როდესაც თავდასხმის მონაწილეები ერთ-ერთი გვირაბით ცდილობდნენ შენობაში შეღწევას. შტურმის კიდევ ერთი მონაწილე კევინ გრისონი კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრამდე გულის შეტევით გარდაიცვალა, ბენჟამინ ფილიპსი კი ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დასდეს, რის გამოც მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი, უკვე მეორედ. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 

14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა.

 

კომენტარები