როგორც წესი, აშშ-ს კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება ფორმალური და ფართო საზოგადოებისთვის უინტერესო პროცესია ხოლმე. ამ დროისთვის ერთ-ერთ კანდიდატს დამარცხება უკვე აღიარებული აქვს და ხელისუფლების გადაცემის პროცესიც მშვიდობიანად მიმდინარეობს. თუმცა 6 იანვარს სრულიად განსხვავებული სურათი ვიხილეთ ტელეეკრანებზე - ვიცეპრეზიდენტის სავარძელში მაიკ პენსის ნაცვლად წელს ზევით შიშველი, სახეშეღებილი, ბეწვისქუდიანი და რქიანი კაცი, “კაპიტოლიუმის ვიკინგი” იჯდა, სპიკერის ტრიბუნა ვიღაცას ამოეიღლიავებინა, კონგრესის შენობა კი ცრემლსადენი გაზსა და კვამლში იყო გახვეული.
“კაპიტოლიუმის ვიკინგი”, თვითგამოცხადებული შამანი, ახლა შიმშილობს, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ციხის საკვები ორგანული არ აღმოჩნდა. კონგრესზე შტურმის სახედ ქცეული ჯეიკობ ენტონი ჩენსლი, ასევე ცნობილი, როგორც ჯეიკ ენჯელი, შეთქმულების თეორიის, QAnon-ის მიმდევარია. ჩენსლი არიზონის შტატიდანაა. 2019 წლის შემდეგ, ნახევრად შიშველი, ბეწვის ქუდით, რქებით და QAnon-ის პლაკატებით ის არიზონის შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან გამართულ არაერთ აქციაზე გამოჩენილა. მას ხშირად თან ჰქონდა პლაკატი წარწერით “Q-მ გამომგზავნა”.
ჩენსლის გარდა კაპიტოლიუმში შეჭრილთა შორის QAnon-ის სხვა მიმდევრებიც აღმოჩნდნენ. რა არის QAnon? რის სჯერათ მის მიმდევრებს? როგორ წარმოიშვა და განვითარდა შეთქმულების თეორია და რა მოხდა 6 იანვარს კაპიტოლიუმის ბორცვზე?
6 იანვარი, შტურმი კონგრესის შენობაზე
6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ს კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. კონსტიტუციის მიხედვით კანონმდებლებს სწორედ ამ სხდომაზე უნდა დაემტკიცებინათ საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაედასტურებინათ ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. რესპუბლიკელ კონგრესმენთა და სენატორთა ნაწილი გეგმავდა ამ პროცესის შეყოვნებას ხმების გაპროტესტების გზით, თუმცა მათ, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში სჭირდებოდათ უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც არ გააჩნდათ. გარდა ყველა დემოკრატი კონგრესმენისა, მათ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილიც.
სხდომის დაწყებასთან ერთად ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართა ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციაც. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა, რეალურად გამარჯვებული კი დონალდ ტრამპია. დემონსტრანტებს მიმართა თავად ტრამპმაც. ის გამჭვირვალე ბარიერს მიღმა აღმართულ ტრიბუნასთან გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების მოპარვისა და გაყალბების თაობაზე, შემდეგ კი მხარდამჭერები “სუსტი რესპუბლიკელების” დასახმარებლად დარაზმა - ძლიერებს ეს არ სჭირდებათო, დასძინა და კაპიტოლიუმისაკენ გზას გაუყენა, თავად კი თეთრ სახლში დაბრუნდა. “სუსტი რესპუბლიკელების დახმარების” ენთუზიაზმით მისული ბრბოს შეკავება კაპიტოლიუმის დაცვამ ვერ შეძლო და, იმან, რაც შემდეგ მოხდა, “ძლიერი რესპუბლიკელების” ნაწილსაც კი გადააფიქრებინა ბაიდენის გამარჯვების გაპროტესტება.
კონგრესის სხდომა შეწყდა, კონგრესმენთა ნაწილი დაცვის თანხლებით გაიყვანეს, ნაწილი კი შენობაში იმალებოდა. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილთა შორის იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირებიც. სამართალდამცველებმა ეროვნული გვარდიის დახმარებით შენობის გათავისუფლება და დედაქალაქში წესრიგის აღდგენა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. ამ დროს უკვე გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი.
დაპირისპირების და ქაოსის დროს დაიღუპა 5 ადამიანი. მათ შორის არიან ერთი პოლიციელი და ერთი ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში სროლის დროს დაიჭრა. მოგვიანებით მისი ვინაობა გაირკვა. ის აღმოჩნდა ეშლი ბაბიტი, აშშ-ს საჰაერო ძალების ვეტერანი, 35 წლის, ქალაქ სან-დიეგოდან. სოციალურ ქსელებში ბაბიტის ანგარიშებიდან ჩანს, რომ ის QAnon-ის მიმდევარი იყო. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ კამალა ჰარისს ბაბიტი Twitter-ზე უწერდა კომენტარებს. მათ შორისაა შემდეგი კომენტარი: “არა პირბადეებს, არა შენ, არა ბაიდენს - ბავშვების გამაუპატიურებელს, არა ვაქცინებს!”.
ბაბიტი იზიარებდა ტრამპის ბრალდებებს არჩევნების გაყალბების თაობაზე და, ამასთანავე, შეთქმულების თეორიას, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერები ბოროტმოქმედები და პედოფილები არიან.
“ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს. მათ შეუძლიათ, სცადონ და სცადონ, მაგრამ შტორმი აქაა და ის ვაშინგტონს 24 საათზე ნაკლებში დაატყდება თავს. დაე, იქმნას ნათელი (Dark to light - QAnon-ის ლოზუნგი)!” - წერდა ბაბიტი ვაშინგტონში აქციაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებამდე.
რას გულისხმობს QAnon?
QAnon არის შეთქმულების თეორიის მიმდევართა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ჰოლივუდის ელიტა და სხვა ცნობილი ადამიანები სატანისტ პედოფილთა საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან, მათ მოიპოვეს კონტროლი ხელისუფლების შტოზე, რომელსაც Deep State-ს უწოდებენ და ცდილობენ, დაამხონ დონალად ტრამპი, რომელიც ამ ჯგუფს ებრძვის.
Deep State, თავის მხრივ, კიდევ ერთი შეთქმულების თეორიაა, რომლის მიხედვითაც აშშ-ს კანონიერად არჩეულ მთავრობაში არსებობს ე.წ. ფარული მთავრობა და სწორედ ის მართავს რეალურად ყველაფერს.
QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიმდევართა მიხედვით, ტრამპი ამ მისიისათვის წამყვანმა გენერლებმა აირჩიეს და სწორედ ამიტომ იყარა მან კენჭი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
“სატანისტ პედოფილთა” ჯგუფში კი, მათი აზრით, შედიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ბილ და ჰილარი კლინტონები, ბარაკ ობამა, ჯორჯ სოროსი, ბილ გეითსი, რომის პაპი ფრანცისკე, დალაი ლამა, ტომ ჰენქსი, ელენ დეჯენერისი, ოპრა უინფრი და სხვები.
მათ მიმართ ბრალდებები განსხვავებულია. მაგალითისათვის, ჰილარი კლინტონს სატანისტობასა და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგთან ერთად ადანაშაულებენ ჩვილების დახოცვასა და მათ ჭამაში, რათა ამგვარად მათი სისხლიდან “სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები” მიიღონ.
შეთქმულების თეორიის მიმდევრებს სჯერათ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. კეთილ ძალებს დონალდ ტრამპი წარმოადგენს, ბოროტს კი ზემოთ ჩამოთვლილი “სატანისტი პედოფილები”. ისინი ელიან ორ მოვლენას: შტორმს და დიდ გამოღვიძებას.
შტორმი, მათი წარმოდგენით, არის ძალაუფლების ზედა შტოებში მყოფი პირების მასობრივი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. დიდი გამოღვიძება კი იქნება მოვლენა, როდესაც ყველა მიხვდება, რომ QAnon-ის თეორია მთელი ამ დროის განმავლობაში ჭეშმარიტება იყო. მათ სჯერათ, რომ ამ მოვლენების შემდეგ უტოპია დადგება.
შეთქმულების თეორიის მიმდევრებს მოჰყავთ ტრამპის ფრაზა, როცა მან 2017 წელს გენერლებთან ერთად ფოტო გადაიღო: “იცით, ეს რა არის? იქნებ ესაა სიჩუმე შტორმის წინ?”. მათ მიაჩნიათ, რომ ეს იყო დაშიფრული გზავნილი, რომლშითაც მათ ტრამპმა მიანიშნა, რომ სატანისტ პედოფილთა საიდუმლო ჯგუფს სამხედროების დახმარებით დაამარცხებს.
შეთქმულების თეორიის მიმდევრები მინიშნებებს ეძებენ ყველგან, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპის ქცევაში. მაგალითად, როდესაც ტრამპი ახსენებს რიცხვ 17-ს, ეს იმის ნიშნად მიაჩნიათ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მათ დაშიფრულ სიგნალს უგზავნის, რადგან Q ინგლისური ანბანის მეჩვიდმეტე ასოა. როდესაც ტრამპს ვარდისფერი ჰალსტუხი უკეთია, ეს მიაჩნიათ სიგნალად, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს ათავისუფლებს.
QAnon-ის მიმდევრები ირწმუნებოდნენ, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დასადგენად შექმნილი სპეციალური გამოძიება, რომელსაც რობერტ მალერი აწარმოებდა, რეალურად საფარი იყო და სინამდვილეში კი ისინი პედოფილებს იძიებდნენ, დასასრულს კი სკანდალური ინფორმაცია გამჟღავნდებოდა და ისინი გასამართლდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოხდა, მათ შეთქმულების თეორიისადმი რწმენა არ შერყევიათ. როდესაც Q-ს წინასწარმეტყველებები არ ახდება ხოლმე, მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ Q სპეციალურად ურევს გზავნილებში დეზინფორმაციას.
ისინი ახსნას და გამართლებას უძებნიან იმ ფაქტსაც, რომ შეთქმულების თეორიის მთავარი გმირი, დონალდ ტრამპი, არაერთხელ ყოფილა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისათვის გასამართლებული ჯეფრი ეპსტინის წვეულებების სტუმარი და ეპსტინის თანამზრახველის, ჟიზლენ მაქსველის დაკავებაზე მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა: “მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ”.
თავად ტრამპს შეთქმულების თეორია არასდროს დაუგმია. თეთრ სახლში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე მას დაუსვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა QAnon-ის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მან უპასუხა: “მსმენია, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც მე ძალიან მოვწონვარ, თუმცა მე ბევრი არ ვიცი ამ მოძრაობის შესახებ”. ტრამპს ასევე უთქვამს, რომ შეთქმულების თეორიის მიმდევრები პედოფილიას ეწინააღმდეგებიან და “ქვეყანა უყვართ”. მას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არაერთხელ გაუზიარებია მასალა სოციალურ მედიაში QAnon-ის მიმდევართაგან.
აღსანიშნავია, რომ შტურმით შეჭრილები არ არიან QAnon-ის შეთქმულების თეორიის ერთადერთი მომხრეები, რომლებიც კონგრესის შენობაში მოხვდნენ. 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება შეძლეს და კონგრესში შევიდა ორი პირი, რომლებსაც წარსულში QAnon-ის მიმართ მხარდაჭერა გამოუხატავთ. ერთი მათგანია მარჯერი ტეილორ გრინი, რომელიც ჯორჯიის შტატის კონგრესმენი გახდა. 2017 წელს ჩაწერილ ვიდეოებში გრინი ამბობს, რომ ღირს QAnon-ის თეორიების მოსმენა.
“ესაა შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა, რომ დაამხო სატანისტ პედოფილთა გლობალური საიდუმლო ჯგუფი და, ვფიქრობ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამას შეძლებს”. - თქვა მან მაშინ. როდესაც კონგრესის არჩევნებში კენჭს იყრიდა, მან შეთქმულების თეორიისგან დისტანცირება სცადა და გააპროტესტა მისთვის მინიჭებული მეტსახელი “QAnon-ის კანდიდატი”. მეორე კი ლორენ ბობერტია კოლორადოს შტატიდან. მან თქვა, რომ QAnon-ის თეორიას კარგად იცნობს, თუმცა მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია.
“იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც Q-ს შესახებ გამიგია, მართალია, რადგან ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ძლიერი და უკეთესი ხდება და ხალხი კონსერვატიულ ღირებულებებს უბრუნდება”. - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. მოგვიანებით Fox News-თან ინტერვიუში ბობერტმა თქვა, რომ შეთქმულების თეორიებს აღარ განიხილავს.
როგორ დაიწყო QAnon?
2017 წლის ოქტომბერში ანონიმურ ინტერნეტ-ფორუმ 4chan-ის ონლაინ მესიჯებში გაჩნდა გზავნილები, რომლებიც “Q Clearance Patriot”-ს მიეწერებოდა. მათ ათავსებდა მომხმარებელი, რომლის ანგარიშის სახელი იყო Q. Q Clearance ეწოდება აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტში დოკუმენტებზე წვდომის ყველაზე მაღალ უფლებას, რაც ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც მოიცავს. მომხმარებელი დაშიფრულ მესიჯებს ათავსებდა, რომლებსაც მოგვიანებით “Q drops” და “breadcrumbs”, ანუ „პურის ნამცეცები“ შეარქვეს. სულ ამ დრომდე 5 000 მსგავსი გზავნილია გამოქვეყნებული. დაშიფრული გზავნილები ხშირად ფიგურირებდა ტრამპის მხარდამჭერთა სლოგანებსა და პლაკატებზეც.
Q-ს ნამდვილი ვინაობა უცნობია, თუმცა მის მიმდევრებს სჯერათ, რომ ესაა მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და ვარაუდობენ, რომ ის სამხედრო ან სადაზვერვო სამსახურებში მუშაობდა. მათ სჯერათ, რომ Q-ს მიზანია, გამოააშკარაოს სიმართლე. მიმდევართა ნაწილი Q-ს პატრტიოტს, ნაწილი კი წმინდანსაც კი უწოდებს. არსებობს ვერსია, რომ სინამდვილეში Q-ს მიღმა არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი დგას.
Q-ს გზავნილების გამოჩენამდე ერთი წლით ადრე, 2016 წლის დეკემბერში ვაშინგტონში მდებარე პიცერიაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა. ის დააკავეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ინციდენტამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც ჰილარი კლინტონი და მისი წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი ჯონ პოდესტა პიცერიის სარდაფიდან არასრულწლოვანთა სექსტრეფიკინგის დანაშაულებრივ ჯგუფს მართავდნენ. შეთქმულების ეს თეორია ცნობილია “პიცაგეითის” (Pizzagate) სახელით და მისმა ერთ-ერთმა მიმდევარმა ამავე პიცერიაში 2019 წელსაც გააჩინა ხანძარი.
სწორედ “პიცაგეითი” ითვლება QAnon-ის წინამორბედად.
2018 წელს აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაცხადა, რომ QAnon შიდა ტერორიზმის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეთქმულების თეორიასა და დანაშაულებრივ ქმედებებს შორის კავშირი გამოვლინდა. ასეთი იყო 2018 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც QAnon-ის მიმდევარმა შეიარაღებულმა პირმა ჰუვერის კაშხლის თავზე გამავალი ხიდი გადაკეტა. ის მალევე ჩაბარდა და ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერდა, რომ პატრიოტი იყო და იყენებდა QAnon-ის ფრაზას “სადაც მივდივართ ერთი, მივდივართ ყველა” (for where we go one, we go all).
გარდა ამისა, გასულ წლებში QAnon-ის კიდევ ერთი წევრი დააკავეს, რომელმაც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი მოკლა, ასევე რამდენიმე მიმდევარი სხვადასხვა ადამიანების მიმართ ძალადობის მუქარის გამო. მათ შორის არის პირი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს, რადგან ჯო ბაიდენის მოკვლით იმუქრებოდა.
FBI-ს შიდა მოხმარებისთვის შექმნილ ბიულეტენში, რომელიც მედიამ მოიპოვა, ნათქვამი იყო, რომ მოელოდნენ “კონსპირაციის თეორიით წაქეზებული ექსტრემისტების” მიერ შექმნილი რისკის გაზრდას 2020 წლის არჩევნების პერიოდში.
საინტერესოა, რომ 4chan-სა მსგავს პლატფორმებზე შეთქმულების არაერთი თეორია გავრცელებულა. მაგალითად FBIAnon, რომლის შემქმნელიც ირწმუნებოდა, რომ ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებზე კლინტონის ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებიდან, ასევე არსებობს CIAAnon და სხვა მსგავსი უსაფუძვლო შეთქმულების თეორიები.
რატომ გახდა QAnon პოპულარული?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ეს თითქოსდა რიგითი შეთქმულების თეორია 4chan-ის ორმა მოდერატორმა წამოსწია და შემდეგ ერთ-ერთმა იუთუბერმა, ტრეისი დიაზმა გააცნო საკუთარ მსმენელებს. დიაზი თავის YouTube არხზე განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და “პიცაგეითი”.
მოგვიანებით QAnon-ზე საუბარი დაიწყეს სხვა იუთუბერებმაც. მხოლოდ დიაზს 90 000 გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი - 8 მილიონზე მეტი მაყურებელი. სწორედ დიაზის ინიციატივა იყო QAnon-ის გადასვლა 4chan-იდან Reddit-ზე, სადაც მათ აუდიტორიის გაფართოება შეძლეს. Reddit-ზე შეიქმნა ე.წ. თემი სახელად CBTS_Stream, რაც იშიფრება, როგორც “სიჩუმე შტორმის წინ”. წევრების რიცხვმა 20 000-ს მიაღწია, თუმცა Reddit-მა ის დახურა ძალადობის წახალისების და პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების გამო.
უკანასკნელ წლებში QAnon-მა და Q-ს გზავნილებმა 8chan-ზე გადაინაცვლა, რადგან 4chan-ზე გარკვეული თემების განხილვა აიკრძალა. 8chan-ის შემქმნელებმა, ჯიმ უოტკინსმა და ფრედრიკ ბრენანმა პლატფორმა სწორედ იმის გამო შექმნეს, რომ, მათი აზრით, ინტერნეტში უფრო და უფრო მეტად იზღუდება სიტყვის თავისუფლება. 8chan 2019 წელს გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა 8kun. ამ პლატფორმებზე განთავსებული იყო რასიზმის, ნეონაციზმის, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის, ანტისემიტიზმის, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის და ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალები. ამასთანავე, საიტით სარგებლობდა რამდენიმე პირი და მათ დანაშაულის ჩადენა სწორედ ამ პლატფორმაზე დააანონსეს. მოგვიანებით მათ საჯარო თავშეყრის ადგილებში ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. ასეთ ინციდენტებს შორის იყო თავდასხმა ელ-პასოში 2019 წელს, რის შემდეგაც საიტი გაუქმდა, თავდასხმა ახალ ზელანდიაში ქრაისთჩერჩის მეჩეთებზე, როდესაც თავდამსხმელმა დანაშაულის ჩადენამდე 8chan-ზე 87-გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, და კალიფორნიაში მდებარე სინაგოგაზე თავდასხმა დააანონსა. შედეგად ვებგვერდი Google-ის საძიებო სისტემიდან ამოიღეს.
მიუხედავად ამისა, შეთქმულების თეორიის მიმდევრებმა გადაინაცვლეს და ამ თეორიის გავრცელება დაიწყეს ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook, Twitter და სხვები. ცნობილი არ არის, ზუსტად რამდენი ქვეჯგუფი არსებობს და რამდენი მიმდევარი ჰყავთ მათ.
მხოლოდ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ Twitter-მა QAnon-თან დაკავშირებული 70 000-მდე ანგარიში გააუქმა. Amazon-მა განაცხადა, რომ საკუთარი პლატფორმიდან შლის QAnon-თან დაკავშირებულ პროდუქციას. YouTube-მა კი რამდენიმე თვის წინ განაახლა ვებგვერდის მოხმარების პირობები და უკვე იკრძალება მასალა, რომელიც “მიზანში იღებს ინდივიდებს ან ჯგუფებს, ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, რომლებსაც რეალურ სამყაროში ძალადობის გასამართლებლად იყენებენ”. ამ კატეგორიაში ხვდება QAnon-იც.
მას შემდეგ, რაც Facebook-მა QAnon-თან დაკავშირებული ჯგუფების და გვერდების წაშლა დაიწყო, შეთქმულების თეორიის მიმდევრებმა გადაინაცვლეს ჰეშთეგის - გადავარჩინოთ ბავშვები (#SaveTheChildren) ქვეშ. ამ ჰეშთეგს სოციალურ მედიაში რეალური საქველმოქმედო ორგანიზაცია იყენებდა, რომელიც ბავშვთა ტრეფიკინგს ებრძვის და ამისათვის ცნობადობის ამაღლებას და სახსრების მოძიებას ისახავდა მიზნად, თუმცა უკანასკნელ თვეებში, როგორც ამ ჰეშთეგზე, ასევე ერთი შეხედვით ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ ჯგუფებში გაიზარდა შეთქმულების თეორიის მიმდევართა რიცხვი და ზიარდება QAnon-ის წევრების მიერ შექმნილი შეცდომაში შემყვანი და ცრუ მასალები. ამგვარი ჰეშთეგების და ჯგუფების მოდერატორობა უჭირთ სოციალური მედიის კომპანიებსაც, რადგან თავად მათი სახელწოდება და საჯაროდ გაცხადებული მიზანი არ იძლევა მათი წაშლის ან დაბლოკვის საფუძველს და საჭიროა ჰეშთეგის ქვეშ და ჯგუფებში განთავსებული ცალკეული პოსტების შემოწმება.
QAnon-ის კიდევ ერთი სტრატეგია იმისათვის, რომ გაზარდოს მიმდევართა რიცხვი და წვდომა გააფართოოს, არის სხვადასხვა თემის ინკორპორირება. ამგვარად სოციალური მედიის პლატფორმების ალგორითმები უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანენ მათ პოსტებს საერთო ინტერესის სფეროს გამო.
გარდა სოციალური ქსელებისა, QAnon-ის მიმდევრები იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციებს, სადაც შეგროვებულია Q-ს პოსტები. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაცია Apple-ის App Store-ში 10 ყველაზე უფრო შეძენად აპლიკაციებშიც მოხვდა, სანამ მას წაშლიდნენ კომპანიის წესების დარღვევის გამო.
ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რამდენი მიმდევარი ჰყავს QAnon-ს. გარდა იმისა, რომ მათი ჯგუფები მუდმივად იშლება ან იცვლის პლატფორმას, არსებობს არაერთი ქვეჯგუფი და მათი მიმდევრების წარმოდგენები ერთმანეთისგან განსხვავდება. მიმდევართა დიდი ნაწილს სჯერა შეთქმულების თეორიის ერთი ნაწილის, თუმცა, შეიძლება, არ სჯეროდეს სხვა ნაწილებისა. გამოცემა The Atlantic-მა QAnon-ის წარმოქმნას და გაფართოებას “ახალი რელიგიის დაბადება” უწოდა, ზოგი კი მის მიმდევრებს კომპიუტერული თამაშის მოთამაშეებს ადარებს, რადგან ისინი აზარტულად არიან ჩართული კოდური გზავნილების გაშიფვრაში, საიდანაც ელიან ახალ მინიშნებას, გასაღებს თავსატეხისათვის, რომელიც უნდა ამოხსნან და სჯერათ, რომ ამგვარად იპოვიან ჭეშმარიტებას, რომელსაც ბოროტი, სისხლისმსმელი ელიტები გულმოდგინედ უმალავენ. შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ QAnon-მა სხვა შეთქმულების თეორიებზე მეტი მიმდევრის გაჩენა შეძლო. მათგან განსხვავებით, QAnon-ის თეორიები მუდმივად იცვლება და ფართოვდება, ხდება ახალი თემების ინტერგაცია და ნებისმიერ მიმდევარს შეუძლია, თავად ჩაერთოს Q-ს მინიშნებების გაშიფრვასა და მის ინტერპრეტაციაში.
საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ QAnon-ის ქართველი მიმდევრებიც. ისინი ხშირად ტოვებენ კომენტარებს ქართული ონლაინ მედიების მასალებზე, განსაკუთრებით კი იმ სტატიებზე, რომლებიც დონალდ ტრამპს და აშშ-ს პოლიტიკას შეეხება და მათ სიცრუეში ადანაშაულებენ. ისინი იყენებენ QAnon-ის ტერმინებს და სლოგანებს და იზიარებენ მათ წარმოდგენებს, თუმცა შეთქმულების თეორია ქართულ კონტექსტში, როგორც ჩანს, ჯერ არ "გადმოუთარგმნიათ".