დავითგარეჯის საქმე

ღარიბაშვილი დავითგარეჯზე: მიწას ვანიავებთ და დამნაშავეებს პასუხს არ ვთხოვთ, რა გვჭირს?!

ირაკლი ღარიბაშვილი
Reuters

"სახელმწიფო ღალატის თვალსაჩინო მაგალითია და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ". – ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი დავითგარეჯის საქმეზე პარლამენტის სესიაზე, სადაც მე-10 მოწვევის პარლამენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცოს. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც "ბრძენი მმართველი მართავს". ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს, ალიევთან დიალოგს და მისი "გონივრული გადაწყვეტილების იმედი აქვს".

"ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც თუნდაც ამ საქმის მიმართ აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო მაგალითი, რომ თურმე, დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი და ამ დროს, თავად შემსრულებლები ვინც არიან, მათ თავად აღიარეს, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი. ეს პირდაპირი ღალატია, აბა, რა არის?! რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ევროპის ქვეყნები დამისახელეთ, აზია, აფრიკა, ნებისმიერი სახელმწიფო. ყველა უფრთხილდება თითო გოჯ მიწას. ჩვენ რა გვჭირს, რა უბედურება გვჭირს, რომ ვანიავებთ? და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს?! ასე გაგრძელება არ შეიძლება". – ამბობს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილი 28 იანვარს TV პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს, სადაც მელაშვილმა თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი". მისი ეს განცხადება სამთავრობო გუნდმა მის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენა.  

'მეორე დღეს მელაშვილმა თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ "დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, მაგრამ პოპულიზმი მოლაპარაკებებს აზიანებს". 

თუმცა, სასამართლომ დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი მტკიცებულებად დაუშვა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

კომენტარები