ბადრი ესებუას საქმე

გომელაური ესებუაზე: ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"ოპერატიული სამსახური მუშაობს მაქსიმალურად, რომ [ბადრი ესებუა] რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ". - თქვა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმიდან ზუსტად 4 თვის თავზე. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციით ამაყია.

"იქ თემა რაც იყო, საშიში იყო, რომ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, მე რომ აქ ვზივარ, ახლა, ესებუას თემიდან გამომდინარე კიდევ მინისტრი უნდა ვიყო თუ არა.

პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავდა, არავის ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდა. ამაზე მე თამამად შემიძლია ვისაუბრო, თუმცა, დაკავებული რომ არ არის, ეს მეორე თემაა". - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები