სამთავრობო ცვლილებები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი: სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მას სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს. ბურჭულაძე მიზეზად 17 წლის ასაკში ოჯახის შექმნასა და შვილის შეძენას ასახელებს. 

"არ მაქვს მე სავალდებულო ჯარი გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა". – თქვა ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას.

საქართველოში წვევამდელთა სისტემით სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა და მას 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები ექვემდებარებიან. 

პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 2019 წელს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი იყო, საპარლამენტო მოსმენისას გირჩის ბიბლიური თავისუფლება, რომელიც წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს, ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა. "გირჩი ძირს უთხრის სახელმწიფოს, ამას დავარეგულირებ". – თქვა მან. 

კომენტარები