ეკონომიკა

სებ-ი 2020 წლის ფინანსური სექტორის მიმოხილვას ავრცელებს – მთავარი მიგნებები

VIR.com

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სექტორის მიმოხილვას ავრცელებს. გთავაზობთ მარეგულირებლის ანალიზიდან ამორჩეულ ძირითად მიგნებებს: 

 

1. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები

2020 წელს კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა ჯამურად 38.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 6.3 მილიარდი ლარით(19.8%) მეტია. წლის ჭრილში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობისა(37.2%) და ტრანსპორტის(12.3%) დარგში გაცემული სესხები გაიზარდა, ენერგეტიკის სფეროს დაკრედიტება კი ყველაზე მეტად შემცირდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2. კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები

2020 წელს კომერციულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტებმა ჯამურად 34.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 8.4 მილიარდი ლარით(31.8%) მეტია. წლის ჭრილში ყველაზე მეტად იურიდიული პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა(35.7%), ფიზიკური პირების ანაბრები კი 3.3%-ით შემცირდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი

 

3. კომერციული ბანკების საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 56.9 მილიარდი ლარია, რაც 9.7 მილიარდი ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ნიშანდობლივია, რომ სხვაობა, უმეტესწილად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების 5.7-მილიარდიანი ზრდითაა განპირობებული. გაზრდილია ჯამური ვალდებულებებიც: 2020 წლის 31 დეკემბერს კომერციული ბანკების მთლიანმა ვალდებულებებმა 51 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9.6 მილიარდი ლარით მეტია. 

რაც შეეხება წლიურ ბრუნვას, 2020 წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა 4 912 მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს, მთლიანი ხარჯები 3 504 მილიონ ლარს გაუტოლდა, გადასახადების გადახდის შემდგომ დარჩენილმა წმინდა მოგებამ კი 99.3 მილიონი შეადგინა.

2019 წელს კომერციული ბანკების მიერ, გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი წმინდა მოგება 953.3 მილიონ ლარს შეადგენდა, ანალოგიური მაჩვენებელი 2020 წელს 99.3 მილიონამდე შემცირდა. 

 

წმინდა მოგების უჩვეულო ვარდნა აქტივების შესაძლო დანაკარგებიდან მიღებულმა მთლიანმა ზარალმა განაპირობა, რომელიც მარტის თვეში 1 189 მილიონ ლარს შეადგენდა – აღნიშნული მაჩვენებელი, ზოგადად, -40 – 40 მილიონი ლარის შუალედში მერყეობს. 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ზარალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულმა შოკმა განაპირობა. 

 

4. საპროცენტო განაკვეთები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წელს, სესხებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთებმა 11.5% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით მეტია. 

საქართველოს ეროვნული ბანკი

 

5. ვალუტის გაცვლითი კურსები

GEL/USD: 2020 წელს დოლარის საშუალო კურსმა 3.28 ლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით 14.3%-ით გაუფასურდა.

GEL/EUR: 2020 წელს ევროს საშუალო კურსმა 4.02 ლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით გაუფასურდა.

 

 

კომენტარები