ტექნოლოგიური გიგანტები

Apple-ს ტკივილი უნდა მივაყენოთ, უთხრა Facebook-ის გუნდს ზაკერბერგმა

ფოტო: Justin Sullivan , slate.com

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თავის გუნდს უთხრა, რომ კომპანია Apple-ს ტკივილი უნდა მიაყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს

მარკ ზაკერბერგსა და Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკს შორის დაპირისპირება წლებია, გრძელდება. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ კომენტარები არაერთხელ გაუკეთებიათ. 

2018 წელს Facebook-ის სკანდალთან დაკავშირებით ტიმ კუკმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა და Facebook-ის სამომხმარებლო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ის არასოდეს მოხვდებოდა ზაკერბერგის მსგავს სიტუაციაში, რადგან Apple-ი მეტი სიფრთხილითა და დაკვირვებით ეპყრობა მომხმარებლების პირად ინფორმაციას, ვიდრე Facebook-ი. 

WSJ-ის ინფორმაციით, ზაკერბერგის აგრესიული მოწოდება სწორედ ამ სატელევიზიო ინტერვიუთი იყო გამოწვეული. 

ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ზაკერბერგისა და კუკის კომენტარებით არ შემოიფარგლება. 

Apple-მა დააანონსა iOS-ის განახლება, რომელიც აპლიკაციებს ინფორმაციის შეგროვებისათვის მომხმარებლებისაგან ნებართვის აღებას ავალდებულებს. 

ზაკერბერგის თქმით, Apple-ის ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ფარისევლურია და ის პირდაპირ Facebook-ის წინააღმდეგაა მიმართული. 

ამ საკითხთან დაკავშირებით Facebook-ი Apple-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომლითაც Apple-ს ანტიკონკურენტულ ქმედებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. 
 

კომენტარები