ილონ მასკი

კრემლი მასკის შემოთავაზებაზე: როგორმე უნდა გავიგოთ, რა იგულისხმება, რას გვთავაზობს

ილონ მასკი/დმიტრი პესკოვი

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი ილონ მასკის შემოთავაზებას გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ მასკმა პუტინი სოციალურ ქსელ Cloubhouse-ში სასაუბროდ მიიწვია. კრემლში მასკის წინადადება საინტერესოდ მიიჩნიეს, თუმცა პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ დეტალებში გარკვევაა საჭირო.

"იცით, ჩვენ ჯერ გვსურს, გავერკვიოთ. როგორც იცით, უშუალოდ პრეზიდენტი პუტინი არ იყენებს სოციალურ ქსელებს. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო წინადადებაა. მაგრამ როგორმე უნდა გავერკვიოთ, რა იგულისხმება, რას გვთავაზობს. ამიტომ ჯერ როგორღაც შევამოწმებთ ყველაფერ ამას და შემდეგ გვექნება რეაგირება." – თქვა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


14 თებერვალს SpaceX-ის და Tesla-ს ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელ Clubhouse-ში სასაუბროდ მიიწვია.

"დიდი პატივი იქნებოდა თქვენთან საუბარი" - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

ახალი სოციალური ქსელი Clubhouse-ი 2020 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, ის კომპანია Alpha Exploration Co-ს ეკუთვნის. 2021 წლის დასაწყისში სოციალური ქსელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. Clubhouse-ის აპლიკაცია ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელში გაწევრიანება მხოლოდ სპეციალური მოწვევის შემდეგ არის შესაძლებელი.

 

კომენტარები