საპატრიარქო

სინოდი: ბიბლიური თავისუფლების სასულიერო პირებს არ ვაზიარებთ, არც წესს ავუგებთ

Facebook/ საპატრიარქოს უწყებანი

საპატრიარქოს წმიდა სინოდის განჩინებით, მართლმადიდებელ ეკლესიაში გირჩის ბიბლიური თავისუფლების წევრებს აეკრძალებათ როგორც ზიარება, ისე სხვა საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად, ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთისცხება და ა.შ. "მოუნანიებლად" გარდაცვალების შემთხვევაში მათ არც წესს აუგებენ.

აკრძალვა, მინიმუმ, 30 000 ადამიანს შეეხება. 

როგორც საპატრირქო დადგენილებაში წერს, აკრძალვა იმოქმედებს იქამდე, ვიდრე "არ შეინანიებენ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას". 

ბიბლიური თავისუფლება გირჩმა 2017 წელს დააფუძნა და ის საყოველთაო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქტია. ორგანიზაცია გასცემს სპეციალურ მოწმობას, რომლის მიხედვითაც, ესა თუ ის ადამიანი სასულიერო პირი ხდება, რის შემდეგაც, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მათი სავალდებულო ჯარში გაწვევა აღარ ხდება. 

"წმინდა სინოდმა განაჩინა:

ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.

ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;

ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.

შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვთისმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიეთ, თვითონ განუდგნენ მას". – წერს საპატრიარქო. 

კომენტარები