ეკონომიკა

2020 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობაზე დამოკიდებულთა რიცხვი 93 390-ით გაიზარდა

2020 წლის განმავლობაში 92 380-ით გაიზარდა სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 

თუკი 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობას სულ 432 218 მოქალაქე იღებდა, უკვე დეკემბერში იმავე მაჩვენებელმა 524 598 შეადგინა. მოსახლეობის 14.1%-ს შეადგენს, გამოდის, რომ ქვეყნის ყოველი მეშვიდე მოქალაქე დეკლალირებულად სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 

ამ მატების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური ბიუჯეტი საარსებო შემწეობებისთვის 6 მილიონი ლარით 29.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

2020 წელს წინასწარი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. თვალსაჩინოებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა

გასული წლის მხოლოდ 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, სამსახური დაკარგა 137 000 ადამიანმა. მოსალოდნელი იყო, რომ მეოთხე კვარტალში ხელახლა დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუმცა კონკრეტული რიცხვები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რაც შეეხება უმუშევრობის სახელმწიფო 200-ლარიან კომპენსაციას, ის პანდემიის პირველი ტალღის დროს სულ 162 000-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში.

გაზაფხულზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817-მა მოქალაქემ მიიღო. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე, არეალის დავიწროების გამო, კიდევ უფრო ცოტა მოქალაქე მიიღებს და  მათი რიცხვი დაახლოებით, 120-125 000-ის ფარგლებში იქნება.

კომენტარები