ტექნოლოგიური გიგანტები

ტრამპი Twitter-ზე ვეღარასოდეს დაბრუნდება, ამბობს Twitter-ის CFO

დონალდ ტრამპი
ფოტო: Lazaro Gamio, Axios.com

Twitter-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის ნედ სიგალის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, Twitter-ზე ვეღარასოდეს დაბრუნდება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის 2024 წელს პრეზინდენტობის კანდიდატი იქნება. 

კომპანია Twitter-მა ტრამპი 2021 წლის 8 იანვარს დაბლოკა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმის გამო ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკების შესამცირებლად აუცილებელი იყო ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის სამუდამოდ შეჩერება. 

Twitter-ის გადაწყვეტილებას მოჰყვა მწვავე კრიტიკა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა Twitter-ის ქმედებას პრობლემური უწოდა და თქვა, რომ  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხს სახელმწიფო უნდა წყვეტდეს და არც სოციალური ქსელები. 

პროტესტის ტალღას შეუერთდა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასურლებელი დირექტორი ილონ მასკიც, მისი თქმით, ტექნოლოგიური კომპანიების მოვლენა სიტყვის თავისუფლების დეფაქტო არბიტრებად მიუღებელია. 

მიუხედავად კრიტიკისა, Twitter-ის ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრება და ათასობით ანგარიშს ბლოკი არ მოუხსნა, მათ შორის, არც დონალდ ტრამპს. 

“ჩვენი პოლიტიკა მომხარებლების უკან დაბრუნების საშუალებას არ იძლევა, როდესაც დაიბლოკები, სამუდამოდ დაბლოკილი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, კომენტატორი ხარ, ფინანსური დირექტორი თუ საჯარო მოხელე“. – ამბობს სიგალი. 

Twitter-ი ყოფილი პრეზიდენტის რჩეული პლატფორმა იყო, რომელსაც აქტიურად იყენებდა, თუმცა მას საქმიანობის გაგრძელება Twitter-ის გარეშე მოუწევს. 
 

კომენტარები