კორონავირუსი საქართველოში

საქართველომ Astrazeneca-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზა შეიძინა

Reuters

საქართველომ კომპანია Astrazeneca-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზა შეიძინა. ამავდროულად საქართველო "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით დამატებით ვაქცინის 184 000 დოზას მიიღებს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, 150 000 დოზას საქართველო კომპანიასთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად ყიდულობს. ამგვარად, ამ დროისთვის საქართველოს ჯამურად Astrazeneca-ს მიერ წარმოებული 334 000 დოზა ვაქცინა აქვს ნაყიდი. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მწარმოებლის მიერ დამზადებული ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში მარტის პირველ ნახევარში შემოვა. დაახლოებით ამავე პერიოდში უნდა მიიღოს ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით შეძენილი ვაქცინებიც. 

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია Astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტიანობა 63%-ის ფარგლებში მერყეობს. ვაქცინის წარმოების დაწყების შემდეგ, გაჩნდა კითხვები ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირები 65 წელზე უფროსი ადამიანებისთვის. პირველადი მონაცემებით, ეს ვაქცინა ამ ასაკობრივ კატეგორიაში ნაკლები ეფექტიანობით გამოირჩევა, რის გამოც არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება 65  წელზე უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში დაუშვა. 

პირველადი მონაცემებით, Astrazeneca-ს ვაქცინა დაბალი ეფექტიანობისაა კორონავირუსის ახალ შტამის შემთხვევაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული. მიუხედავად ამისა, Astrazeneca-ს ვაქცინაზე გლობალური მოთხოვნა კვლავაც დიდია, რაც მისი დაბალი ფასით და შენახვის და ტრანსპორტირების შედარებით მარტივი მოთხოვნებითაა განპირობებული. 

გასულ თვეში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს. პროგრამის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარიდან 158 მილიონ ლარამდე მერყეობს და უცნობია ზუსტი რიცხვი, რადგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის რამდენ და რა ფასიან ვაქცინას შეიძენს მთავრობა. 

კომენტარები