კორონავირუსი ლიტვაში

ლიტვა COVID-19-ის რუსული ვაქცინის ყიდვას არ აპირებს

ინგრიდა შიმონიტე

ლიტვა არ აპირებს რუსეთისგან კორონავირუსის ვაქცინა შეიძინოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Sputnik V-ს  ევროკავშირი დაამტკიცებს გამოყენებისთვის.

პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე აღნიშნავს, რომ "ეჭვგარეშეა" რუსეთის მცდელობა, გაყიდოს ვაქცინა საკუთარი მოსახლეობის სრულ იმუნიზაციამდე "მორიგი გეოპოლიტიკური თამაშია". პრემიერმინისტრის თქმით, ლიტვამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში დასავლელ მწარმოებლებთან უკვე შეათანხმა ვაქცინების შესყიდვა და რუსული ვაქცინის შესყიდვის საკითხის განხილვის საჭიროება არ არსებობს,

"ისინი ამბობენ, რომ Sputnik V კარგია, მაგრამ პუტინს არ ადარდებს მისი გამოყენება რუსი ხალხის სასიკეთოდ. ის სთავაზობს ვაქცინას მსოფლიოს, როგორც მორიგ ჰიბრიდულ იარაღს დაყოფისა და ბატონობისთვის. ამაში არც ახალი და არც სასიკეთო არაფერია". – თქვა ინგრიდა შიმონიტემ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ვაქცინის ყიდვის საჭირობა არ არსებობს, ვინაიდან მალე კიდევ უფრო მეტი ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი. ის იზიარებს პრემიერმინისტრის პოზიციასაც.

"მხარს ვუჭერ პრემიერმინისტრის პოზიციას, რომ არ გვჭირდება სპუტნიკის "მზის მოსკოვიდან ჩამოტანა". მჯერა, რომ ვაქცინის ყიდვა ლიტვის გეოსტრატეგიული არჩევანია, ვინაიდან ვაქცინებს გადასახადების გადამხდელთა ფულით ვყიდულობთ იმ ქვეყნებისგან, რომელთა ფასეულობებიც ჩვენსას ემთხვევა" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"არ გვსურს ვაქცინის ყიდვა იმ მწარმოებლისგან, რომელიც ბიუჯეტის გავლით იმავე ფულით იარაღს იყიდის, რომელსაც შემდეგ, მაგალითად, აღმოსავლეთ უკრაინაში გამოიყენებს". – აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 

ბოლო მონაცემებით, რუსული წარმოების COVID-19-ის ვაქცინა Sputnik V 91.6%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა. რუსული ვაქცინა თავდაპირველად კრიტიკის სამიზნე გახდა, როდესაც აგვისტოში, რუსეთში ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის მანამდე დაამტკიცეს, სანამ მესამე ფაზის ტესტირება დაიწყებოდა.

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია Sputnik V-ის გამოყენებას განიხილავს. უნგრეთმა კი მის გამოყენებაზე ავტორიზაციის ნებართვა უკვე გასცა. ლიტვის პრემიერმინისტრის თქმით, "სამწუხაროა", რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსული ვაქცინის ყიდვა გადაწყვიტა.

კომენტარები