ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

რუსეთმა ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

ლეონიდ ვოლკოვი
Reuters

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელზე, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრებაზე შუამავლობა დაარეგისტრირა.

სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მას არასანქცირებულ აქციებში არასრულწლოვნების ჩართვას ედავებიან. აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლო ვოლკოვის რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების ან მისი ექსტრადირების შემდეგ 2 თვით დაკავებას ითხოვს. 

თავად ვოლკოვმა, რომელიც ახლა რუსეთის საზღვრებს გარეთაა, თქვა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე უსაფუძვლო, "მოგონილი" და საგამოძიებო კომიტეტის პიარკამპანიის ნაწილია.

ლეონიდ ვოლკოვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ ცნობილი 28 იანვარს გახდა. გამოძიების ვერსიით, მან არასრულწლოვნებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ არასანქცირებულ აქციაში, რომელიც 23 იანვარს გაიმართა.


რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები 23 იანვარსა და 31 იანვარს გაიმართა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ალექსეი ნავალნის 2 თებერვალს, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

ამასთან ერთად,  ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. საქმეზე მოსმენა 12 თებერვლამდე გადადეს. 

ამავდროულად, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქციებს გაზაფხულამდე შეწყვეტენ. მიზეზად პოლიციის მხრიდან ძალადობა და დემონსტრანტების დაკავება სახელდება. ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციის გეგმებს და სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიას შეაფერხებს. ვოლკოვი ამბობს, რომ ნავალნის გათავისუფლების მცდელობას უცხოეთიდან ზეწოლის გაზრდის მეშვეობით გააგრძელებენ.

კომენტარები