"კანონს თუ არ შეასრულებს, დაისჯება". - ამბობს ქართული ოცნების წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.
"ახლანდელი გამოჩეკილი პოლიტიკური ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება". - ამბობს ის. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.
თუმცა, ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერი პროკურატურაში არ გამოცხადდა და, მისივე თქმით, არც გირაოს გადახდას აპირებს.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.
პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.





