რუსული ოკუპაცია

ომბუდსმენი: ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაამძიმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებების პრაქტიკა.

"ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები". – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი თანახმად, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებებს არღვევს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების საჭიროებას ადასტურებს.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, შესაბამისად, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა.

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2020 წლის 21 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტიანი კონტროლი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და სწორედ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების გამო. შესაბამისად, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. ამასთანავე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლებებსაც ეკისრებათ". – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

კომენტარები