რუსული ოკუპაცია

ჰარცელი გახელაძეზე: მოვითხოვთ გათავისუფლებას, საკითხს თვალყურს მომავალშიც ვადევნებთ

"მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. საკითხს თვალყურს მომავალშიც ვადევნებთ". -  ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯას ეხმაურება. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.    

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით. ესენია: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს". - ამბობს ჰარცელი. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

გუშინ, 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

კომენტარები