რუსული ოკუპაცია

კაპანაძე გახელაძეზე: ეს არის მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნა

"მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნაა, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება". - ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

"სახელმწიფო სამსახურები რეაგირებით კი არ არიან დაკავებული, უშიშროება იმაზე ზრუნავს, რომ ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს ოჯახს და რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ აცდენილები არიან რეალობას და აცდენილი აქვთ აქცენტები მთავარ პრობლემებზე. 

ამიტომ იყო მნიშნელოვანი, რომ ეფექტიანი ყოფილიყო ამოქმედებული ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია, რომელიც ევროპულმა საქართველომ შესთავაზა და მაშინ გაიტანა პარლამენტში და ჩვენ ვიცით, რომ მას შემდეგ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ რომ ეს სია ყოფილიყო ეფექტიანი". - ამბობს კაპანაძე. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

დღეს, 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

კომენტარები