რუსული ოკუპაცია

"რა მაგრად ალაგებთ!" – საგარეოსთან გახელაძის პატიმრობის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

სირცხვილია / Facebook

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯის გასაპროტესტებლად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

"აქციის მიზანი არის პროტესტი, უბრალოდ ეს პროტესტი არ არის მხოლოდ გულის მოფხანა. ეს არის საშუალება ყურადღების მოპყრობის, ერთი, რომ ხელისუფლებამ იცოდეს – მათი უმოქმედობა ურეაქციოდ არ რჩება და მუდმივად პოლიტიკური ფასი ავუწიოთ ამ საკითხს. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, საელჩოებისთვის, რომ იცოდნენ, საქართველოში მოქალაქეები არ არიან გულგრილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ასეთი სისასტიკის მიმართ". – თქვა აქციაზე ელენე ხოშტარიამ. 

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.

კომენტარები