ჩინეთი

ჩინეთში მოქალაქეებს Twitter-ზე მთავრობის კრიტიკისთვის აპატიმრებენ

PRI

The Wall Street Journal-ში წერენ, რომ ჩინეთში აპატიმრებენ მოქალაქეებს, რომლებიც მთავრობას Twitter-ზე, უცხოურ სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში უცხოური სოციალური მედია დაბლოკილია, რის გამოც მსგავს პოსტებს ჩინეთში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ ნახულობს. 

ადამიანის უფლებების აქტივისტები ამბობენ, რომ წარსულში ამ ქმედებისთვის მოქალაქეებს ძირითადად აკავებდნენ და ავიწროებდნენ. 

"დაპატიმრებების გაზრდილი რაოდენობა აღნიშნავს ჩინეთის მცდელობას, ჩინეთის ინტერნეტს მიღმა ნარატივები გააკონტროლოს და ჩაახშოს კრიტიკა". – წერია The Wall Street Journal-ში. 

The Wall Street Journal სასამართლო ჩანაწერებზე და აქტივისტების მიერ მოპოვებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით წერს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში 50 პირზე მეტს პატიმრობა მიუსაჯეს Twitter-ისა და სხვა უცხოური, ჩინეთში დაბლოკილი პლატფორმების გამოყენებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პარტიის მმართველობაზე თავდასხმის ბრალდებით. 

Twitter-ის ამ მომხმარებლებს ასობით გამომწერი ჰყავდათ, თუმცა ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც 30-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავდა, დააკავეს და დააპატიმრეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების კრიტიკისთვის, ჰონგ-კონგის, სინძიანგის საკითხის განხილვისთვის. 

ჩინეთის მეთვალყურეობა სოციალურ მედიაზე მეტად გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ჩინეთში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს ახალი ამბების გასაცნობად.

აღსანიშნავია, რომ 22 იანვარს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ ახალი რეგულაცია გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც  დაიბლოკება საჯარო ინტერნეტ ანგარიშები, რომლებიც "ინფორმაციას აყალბებენ, აღვივებენ უკიდურეს ემოციებს, პლაგიატს, კიბერბულინგს სჩადიან, ვინმეს აშანტაჟებენ და ხელოვნურად ზრდიან ნახვების რაოდენობას".

ჩინეთში უცხოელებს და ჩინელთა მცირე ნაწილს აკრძალულ ვებ-გვერდებზე შესვლა VPN-ის საშუალებით შეუძლიათ, თუმცა ჩინეთის კომუნისტური პარტია პერიოდულად სხვადახვა VPN-საც ბლოკავს, ზოგ შემთხვევაში კი მის მომხმარებელს სჯის.

კომენტარები