თურქეთი

ერდოღანმა თქვა, რომ კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლას განიხილავს

aawsat.com

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მმართველ პარტიასთან და მის მოკავშირეებთან ერთად, შესაძლოა, დაიწყონ მუშაობა ახალი კონსტიტუციის პროექტზე.

"შესაძლოა, დრო მოვიდა თურქეთმა კიდევ ერთხელ განიხილოს ახალი კონსტიტუციის მიღება. თუ ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებას მივაღწევთ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა". – თქვა მან.

ერდოღანის კომენტარამდე ერთი კვირით ადრე საკონსტიტუციო ცვლილებების იდეა წამოაყენა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ. მას სურს, რომ ცვლილებების შედეგად, "სეპარატიზმის გამო" აიკრძალოს პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია.

ერდოღანმა თურქეთის კონსტიტუცია სულ რაღაც 4 წლის წინ შეცვალა. 2017 წელს გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა და გაიზარდა პრეზიდენტის ძალაუფლება. 2018 წელს ერდოღანი პრეზიდენტად აირჩიეს.

2016 წლის ივლისში თურქეთში გადატრიალების მცდელობისას 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა და მასთან კავშირის ბრალდებით უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დაახლოებით, 150 000 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. სასამართლოებმა 2500-ზე მეტი უვადო პატიმრობის განაჩენი გამოიტანეს. 20 833 პირი სამხედრო სამსახურიდან გააძევეს.

პარალელურად, თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს პროქურთული ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის არაერთი წევრი. დაკავებულებს შორის არიან ოფიციალური პირები, რამდენიმე ქალაქის მერი და ყოფილი პარლამენტარები.

კომენტარები