თურქეთი

დაპატიმრებულ ქურთ პარლამენტარს ერდოღანის შეურაცხყოფის გამო სასჯელი გაუხანგრძლივდა

ყოფილ ქურთ პარლამენტარს, საბაჰათ ტუნჯელს, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს სასჯელი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის გამო გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატები ავრცელებენ.

ტუნჯელს სასამართლომ 11 თვით და 20 დღით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ 2016 წელს ერთ-ერთი გამოსვლისას მან ერდოღანს ქურთების და ქალების მტერი უწოდა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტის ლეგიტიმური კრიტიკაა და გამოხატვის თავისუფლება იცავს.

ტუნჯელი პარლამენტში 2007 წელს სახალხო დემოკრატიული პარტიის მანდატით მოხვდა და პარლამენტარი იყო 2015 წლამდე. ის გასულ წელს ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრობისათვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში აკრძალულია და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში არის შესული. ტუნჯელი მისთვის წაყენებულ ბრალს უარყოფს.

თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფა მაქსიმუმ 4-წლიანი პატიმრობით ისჯება. ამ მუხლით გასამართლების შემთხვევები 2019 წელს 30%-ით გაიზარდა. თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, სულ, ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 26 115 პირის წინააღმდეგ, სასამართლოში 5 000-მდე საქმე შევიდა და 2 462 პირს პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები