ალექსეი ნავალნის საქმე

ზახაროვა: სასამართლოზე უცხოელი დიპლომატების მისვლა რუსეთის შიდა საქმეში ჩარევაზე მეტია

მარია ზახაროვა/ალექსეი ნავალნი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე დასავლელი დიპლომატების მისვლა რუსეთის შიდა საქმეში ჩარევად შეაფასა. RIA-ს ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოცამდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

"..შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად უცხო ქვეყნების დიპლომატები მხარს მხოლოდ თავის მოქალაქეებს უჭერენ. დასავლელები ნავალნის "თავისად" რომც მიიჩნევდნენ, ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ეს უკვე მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეში ჩარევა აღარაა, ესაა მხილება რუსეთის შეკავების მცდელობებში დასავლეთის კოლექტიური უკანონო როლისა.

თუ ეს მოსამართლეზე ფსიქოლოგიური წნეხის მცდელობაა? არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკმაოდ ადარდებთ რუსეთის ტერიტორიაზე კანონსაწინააღმდეგო საქმიანობებში ჩადებული ნატოს (მაგალითად, ბრიტანეთის და ამერიკის) მილიონები. მოუწევთ დედაქალაქებში ანგარიშების გაგზავნა, რაში დაიხარჯა ეს ფული". – წერს ზახაროვა Facebook-ზე

დასავლელი დიპლომატების სასამართლოზე მისვლა შეაფასა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმაც.

"ისინი თავისუფლები არიან, იმოქმედონ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში, არცერთ შემთხვევაში ამ კონვენციის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, დიპლომატები არ უნდა ჩაერიონ რუსეთის შიდა საქმეში და მითუმეტეს, არ დაუშვან რაიმე ქმედება, რომელიც ასოცირებული იქნება თავისუფალ სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად". – ამბობს პესკოვი.

ერთი კვირის წინ რუსეთმა დასავლეთი ნავალნის მხარდამჭერი აქციების წაქეზებაში დაადანაშაულა. პესკოვმა მოსკოვში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდა, თავი აერიდებინათ დემონსტრაციებისათვის, "რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა" უწოდა. აქციების მიმდინარეობისას საელჩოს სპიკერმა, რებეკა როსმა Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ უფლებების ჩახშობას ემსახურება. პესკოვის თქმით, ეს კომენტარები "მიუღებელია".

პარალელურად, განცხადებები გაავრცელეს დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და კრიტიკა დაგმეს. მათ შორის იყო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო. მათ განცხადებაში ნათქვამია:

"ფარისევლები აგრძელებენ ნავალნის ცრუ საქმის გაბუქებას, რათა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ. ეს პროფესიონალურად მომზადებული პროვოკაციაა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების საელჩოები აქეზებენ, მათ შორის მოსკოვში აშშ-ს საელჩო".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი დასავლური კრიტიკა დასავლურ აზროვნებაში არსებულ კრიზისს დააბრალა:

"ეს არის დასავლურ აზროვნებაში, ფსევდო-დემოკრატიასა და ფსევდო-ლიბერალიზმში არსებული ღრმა კრიზისის შედეგი". – თქვა მან.

ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ ვლადიმირ პუტინს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი სატელეფონო საუბრისას მოუწოდა.


მოსკოვის საქალაქო სასამართლო ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განიხილავს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, შეუცვალოს ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურ პატიმრობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნავალნის 3.5 წლით პატიმრობა ემუქრება. 

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები