ალექსეი ნავალნის საქმე

მოსკოვში ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო

ალექსეი ნავალნი
Reuters

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო. 

სასამართლო განიხილავს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, შეუცვალოს ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურ პატიმრობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნავალნის 3.5 წლით პატიმრობა ემუქრება. 

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

სასამართლოს შენობის გარშემო მობილიზებულია პოლიციის კორდონი და გადაკეტილია ქუჩები. სასამართლოსთან შენობასთან პოლიციამ დააკავა ნავალნის მხარდასაჭერად მისული რამდენიმე მოქალაქე.


ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, იმისათვის, რომ   "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

კომენტარები