თაღლითობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც მოქალაქეს უცხო ქვეყნის ID-ს დაჰპირდა და 300$-ს მოტყუებით დაეუფლა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობის მცდელობის გამო 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.  

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული 1969 წელს დაბადებულ კ.ლ-ს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადებას დაჰპირდა და 300 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლა.

"შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ID ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5 680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვ.ბ თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები". – წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.  დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები