დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე საპატრიარქოს პასუხობს და დოკუმენტებს აქვეყნებს

გიორგი მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ ტელეკომპანია პირველის ეთერში წარდგენილ დოკუმენტს ეხმაურება, რომლითაც ის კარტოგრაფ ივერი მელაშვილს ადანაშაულებს ჩიჩხიტურის კოშკის აზერბაიჯანელებისთვის დათმობაში. მშვენიერაძე დოკუმენტის სრულ ქართულ ვერსიას Facebook-ში ავრცელებს.

მშვენიერაძის თქმით, ჯაღმაიძემ საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს მელაშვილმა ჩიჩხიტური დაუთმო აზერბაიჯანს, თუმცა დოკუმენტში, რომელსაც მელაშვილის უფლებადამცველი ავრცელებს, ჩანს, რომ ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორიაზეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და აღარ ავიდნენ კოშკზე.

"გუშინ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში წარადგინა 2006 წლის 12-16 ივლისს შეხვედრის დოკუმენტის (რუსულენოვანი) ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ივერი მელაშვილს ადანაშაულებდა ჩიჩხიტურის კოშკის აზერბაიჯანისადმი დათმობაში, რადგან დოკუმენტში ერთგან წერია, რომ "აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, ჩათვალეს რა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი (ქეშიში) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება, 2 რესტავრატორი დააპატიმრეს."

რესპოდენტმა საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს საქართველოს პოზიციას გამოხატავდა ჩიჩხიტურთან დაკავშირებით და ეს არის მტკიცებულება, რომ ივერი მელაშვილმა ჩიჩხიტური დაუთმო აზერბაიჯანს. რა თქმა უნდა აქ წაკითხულის გააზრებასთან გვაქვს პრობლემა, მაგრამ ამავდროულად ვვარაუდობ, რომ ვინც მასალა ანდრია ჯაღმაიძეს მიაწოდა, ტექსტის შემდეგი ნაწილები დაუმალა, რადგან ამ რანგის სასულიერო პირი მათ თავად ხომ არ დამალავდა და საზოგადოებას შეცდომაში განზრახ ხომ არ შეიყვანდა? ეს ხომ წარმოუდგენელია მისი და საპატრიარქოს მხრიდან.

ამიტომ, აქვე ვაქვეყნებ ამ დოკუმენტის ჩიჩხიტურის მონაკვეთთან დაკავშირებული ნაწილის სრულ ქართულ ვერსიას, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მხარე ამტკიცებს, რომ ჩიჩხიტური სრულად ჩვენს ტერიტორიაზეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და აღარ ამოვიდნენ კოშკზე. აქვე, ასევე აღწერილია მოლაპარაკების დროს თუ რა არგუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ, საჭიროებისამებრ.

ანუ ახლა რა გამოდის? ივერი ყიდდა ჩიჩხიტურს და თან აზერბაიჯანს თხოვდა უკან დახევას და ჩიჩხიტურის საქართველოდ აღიარებას?" – წერს მშვენიერაძე.

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები