აშშ-ჩინეთი

ბაიდენის ადმინისტრაცია გადახედავს ტრამპის მიერ ჩინეთთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას

ფოტო: Cristian Baitg , Getty Images

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გადახედავს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2020 წლის იანვარში შევიდა. 

აშშ-ის თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გადახედავს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან ყოველ გადაწყვეტილებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო.

პირველი ფაზის სავაჭრო შეთანხმებამ დროებით შეანელა აშშ-სა და ჩინეთს შორის სწრაფად გამწვავებადი სავაჭრო ომი.

პსაკის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. 

"აშშ ამ საკითხს ძალის პოზიციიდან მიუდგება, რაც მოკავშირეებთან კომუნიკაციასა და კოორდინაციას გულისხმობს". – თქვა პრესმდივანმა.  

დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ვიცეპრემიერ, ლიუ ჰის შორის ხელმოწერილი შეთანხმება ვაშინგტონის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების შემცირების სანაცვლოდ, ჩინეთს ამერიკული პროდუქტების შეძენას ავალდებულებდა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და წარმოების სექტორებიდან. გარდა ამისა, შეთანხმებაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზეც იყო საუბარი. 

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარის, ჩედ ბრაუნის განმარტებით, ჩინეთის მიერ ამერიკული საქონლის შესყიდვები 2020 წელს 42%-ით ჩამორჩებოდა სავაჭრო ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებებს.

აშშ-ის სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, ვაშინგტონი ჩინური მავნე პრაქტიკების წინააღმდეგ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად იმუშავებს.

"ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მომავალი ელის სავაჭრო შეთანხმებას. “ჩვენ უბრალოდ განვიხილავთ, თუ როგორი იქნება სამომავლო ნაბიჯები". – ამბობს პსაკი.

კომენტარები