აშშ-ჩინეთი

ტრამპი: ჩინეთთან 100 სავაჭრო შეთანხმებაც ვერ აანაზღაურებს დაკარგულ სიცოცხლეებს

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რიტორიკა ჩინეთზე გამკაცრდა. 13 მაისს პრეზიდენტი თავის Twitter-ზე წერს:

"როგორც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, ჩინეთთან გამკლავება ძალიან ძვირი რამაა. ჩვენ ახლახანს მივაღწიეთ დიდებულ სავაჭრო შეთანხმებას, მელანი გამშრალი არც იყო და მსოფლიოს ჩინეთიდან ჭირი თავს დაატყდა. 100 სავაჭრო შეთანხმებაც ვერ აანაზღაურებს განსხვავებას და ყველა იმ უდანაშაულო ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს!"

სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიწყო. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფები დააწესა. ნაბიჯს სარკისებურად უპასუხა პეკინმაც. აშშ-ში ამბობდნენ, რომ ჩინეთი მათი ღია ბაზრით უსამართლოდ სარგებლობს და საპირისპიროდ თამაშის წესებს არ იცავს, რაც საბოლოოდ ამერიკელ მწარმოებლებს აზარალებდა.

ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში მხარეებმა შუალედურ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთი მომავალ ორ წელში აშშ-ისგან 200 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს, ხელი 15 იანვარს მოაწერეს.

ამის შემდეგ, ტარიფების ზრდა ორივე მხარემ შეწყვიტა. დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებათა შემდეგი ეტაპის მთავარი მიზანია, უარი ათქმევინონ ჩინეთს ტექნოლოგიების ქურდობასა და სავალუტო მაქინაციებზე.

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-ჰარბორზე შეტევები.

ამ დროისთვის, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 1 400 000-ზე მეტი შემთხვევა და 83 000-ზე მეტი გარდაცვალებაა გამოვლენილი. 300 000-ზე მეტი პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები