საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მოსაყდრე: ბევრი ვიცით ფულით მდიდარი ადამიანი, რომლებიც იძულებული არიან, ფულს ემსახურონ

გახსოვთ, უფლის მთავარი ცხრა ნეტარების პირველი ნეტარება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“, რამეთუ რა არის მათი?! მათი არის სასუფეველი. რას ნიშნავს „სულით გლახაკნი“? – ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ მას სულიწმინდა არ აქვს, რომ ღვთის გარეშე არაფერს წარმოადგენს და ვერცერთ მცნებას ვერ დაიცავს და ევედრება უფალს, როგორც გლახაკი, რომ მომეცი, უფალო, მადლი სულისა წმინდისა. აი, ის არის ნეტარი; ხოლო ადამიანისთვის, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ის არის მართალი, ყველაფერს იცავს, მას ეკუთვნის რაღაც, უფლებები აქვს ღვთის წინაშე, – უფალი ამბობს, რომ აი, ასეთებისთვის დახშულია სასუფეველი. რატომ? იმიტომ, რომ სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სამეფო, ორმხრივი სიყვარულისა – ღვთისა და ადამიანის. ეს არ არის უფლებების სამეფო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უფლებებით მივიდეთ – „აი, მე როგორი კარგი ვარ, როგორ გავაკეთე, დამსახურება მაქვს, მეკუთვნის“. თუ მიიჩნევ, რომ გეკუთვნის, სწორედ იქ არ გეკუთვნის არაფერი და იქ იკეტება სასუფევლის კარი. სწორედ ამაზეა საუბარი და არა მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე; თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბევრი ვიცით ფულით მდიდარი ადამიანი, რომლებიც იძულებული ხდებიან, ამ ფულს ემსახურონ. ძალიან რთული ვითარება აქვთ ცხოვრებაში, ძალიან ბევრ ყურადღებას, სამსახურს, მომსახურებას მოითხოვს ეს მატერიალური სიმდიდრე და აღარ სცალიათ სულის გადარჩენისთვის, სულიერებაზე ზრუნვისთვის და ამიტომ ამბობს უფალი: „შეუძლებელია“.

თქვა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ

კომენტარები