მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე: მოქალაქეებთან შეთანხმება შედგა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტია მოქალაქეებთან შეთანხმება, რომლის შედეგადაც ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, მხოლოდ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა, ივერი მელაშვილისა და ნატალი ილიჩოვას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს კი თალაკვაძე სპეკულაციას უწოდებს. 

"შეთანხმება შედგა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სასამართლოს, ზოგიერთები სპეკულირებდნენ ამ საკითხებზე, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ქართული ოცნება ასეთ გარიგებებს არ დებს და ამას პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად არ გადააქცევს. შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, ელჩებს, ჩვენი პასუხი ამაზე იმთავითვე იყო ძალიან პრინციპული და დღესაც გვაქვს იგივე პასუხი, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არაა, თუ ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ გათავისუფლდება". – თქვა თალაკვაძემ იმედის ეთერში. 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  ალეკო ელისაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების შედეგია.

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

კომენტარები