START

პუტინი აშშ-რუსეთს შორის START-ის შეთანხმებას 5 წლით ახანგრძლივებს

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: Alexei Druzhnin, Sputnik, Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმის პუტინმა ხელი მოაწერა აშშ-რუსეთს შორის არსებულ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება New START-ს.

რატიფიცირების შედეგად შეთანხმება 5 წლით, 2026 წლის თებერვლამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

შეთანხმება New START ძალაში პირველად, ათი წლის ვადით, 2011 წლის თებერვალში შევიდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა.  

შეთანხმება ორივე სახელმწიფოს სტრატეგიულ შეიარაღებას შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის, ინტერკონტინენტურ ბალისტიკურ რაკეტებს(ICBMs), რომელთა მოქმედების ზონა 5500 კილომეტრამდე აღწევს. 

კრემლის განცხადებით, შეთანხმება რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებს აკმაყოფილებს და ის აშშ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობების გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას ზრდის. 
განცხადებაში წერია, რომ New START ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობასა და ბირთვული განიარაღების პროცესს.   

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს შეთანხმება New START-ის გახანგრძლივება და ის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

პენტაგონის განცხადებით, სტრატეგიული შეთანხმების გახანგრძლივების შედეგად ამერიკელები უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.  
 

კომენტარები