კორონავირუსი საქართველოში

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 688 ადამიანი დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ბოლო 24 საათში 688 ადამიანი დააჯარიმეს.  

უწყების ინფორმაციით, რეგულაციების დარღვევის 815 შემთხვევა აღრიცხეს. 

"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 127 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს". – წერია განცხადებაში. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია. განმეორებითი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები