ეკონომიკა

სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია – NDI-ის კვლევის ეკონომიკური ნაწილი

განახლდა:

გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები. ეროვნული საკითხების ნაწილში, კითხვაზე – რა საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ყველაზე მეტად მოქალაქეები ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს აყენებენ. 

პრობლემების ხუთეულში პირველად მოხვდა კორონავირუსი, ყველაზე სერიოზულ ეროვნულ გამოწვევად გამოკითხულთა 46% სამუშაო ადგილებს მიიჩნევს, სიღარიბე ყველაზე მწვავე გამოწვევად მიაჩნია გამოკითხულთა 37%-ს, სამომხმარებლო ფასების ზრდა მთავარ პრობლემას წარმოადგენს გამოკითხულთა 31%-ისთვის, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კვლავ უმნიშვნელოვანესი ეროვნული გამოწვევების ხუთეულშია და 22%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, კორონავირუსის პანდემია გამოკითხულთა 16%-ისთვის წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს.

ისეთ საკითხებს როგორიცაა, კორუფცია, სასამართლო სისტემა, არჩევნების სამართლიანობა უპირველეს გამოწვევად გამოკითხულთა 2-2% ასახელებს. 

კითხვაზე – თქვენი აზრით, რა არის ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: უმუშევრობა - 59%, ინფლაცია - 45%, სიღარიბე - 28%, ლარის გაუფასურება - 27%, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები - 14%, კორონავირუსი - 10%, დაბალი ხელფასები - 11%, საზღვრის ჩაკეტვა - 6%. 

საყურადღებოა, რომ აგვისტოსთან შედარებით იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებენ, 8%-ით არის შემცირებული, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 67%-ს შეადგენდა. აგვისტოსთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გამოკითხულთა რიცხვი, რომლებიც მთავარ გამოწვევად ფასების ზრდას ასახელებენ და მაჩვენებელმა 45% შეადგინა. 

აგვისტოსთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 29% შეადგინა გამოკითხულთა რაოდენობამ, რომლებიც თავს დასაქმებულად მიიჩნევენ. აგვისტოსთან შედარებით უცვლელი დარჩა გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ და კვლავ 24% შეადგინა. აგვისტოსთან შედარებით 1%-ითაა შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად მიიჩნევენ. 

კითხვაზე – 2016 წელთან შედარებით თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობა როგორ შეიცვალა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: უკეთესად – 23%, არ შეცვლილა – 45%, უარესად – 32%. 

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

 

კომენტარები