რუსეთი

რუსეთის განათლების სამინისტრო მშობლებს: დაიცავით ბავშვები აქციაზე გასეირნებისგან

რუსეთის განათლების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, რომ შვილებს თვალყური მიადევნონ, რათა აქციაზე "გასეირნების საშიშორებისგან" დაიცვან. ე.წ. "გასეირნებაში" 23 იანვარს დაგეგმილი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი აქცია იგულისხმება.

სამინისტრო წერს, რომ ბოლო დღეებში 23 იანვარს ბავშვებს ე.წ. "გასეირნებაზე" ეპატიჟებიან - "ყველამ ვიცით, რა არის ბავშვური ცნობისმოყვარეობა, უწყინარი ოინი, პოზა, მაგრამ არაკეთილსინდისიერი მოზარდების ხელით ამ ყველაფერმა შეიძლება ბავშვი უკანონო ქმედებებამდე მიიყვანოს და ძალიან სავალალო სიტუაციად გადაიქცეს".

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ფხიზლად იყვნენ და დაინტერესდნენ მათი შვილების გეგმებით - "დაიცავით ისინი ასეთი "გასეირნების" საშიშროებისგან".

განათლების სამინისტრო მშობლებს ასევე მოუწოდებს, რომ შვილებთან ერთად გაატარონ დღე და თუ როგორ შეუძლიათ, დაგეგმონ თავიანთი დღე, ამასაც სთავაზობს - "აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ შაბათ-კვირას: თქვენი საყვარელი ფილმის ყურება, გასეირნება პარკში ან ტყეში, ციგურაობა, ფოტოსესია ბავშვებთან, სამაგიდო თამაში, თქვენი საყვარელი ნაწარმოებების კითხვა, სახლში კინოთეატრის [მოწყობა], კერძის მომზადება ოჯახის ყველა წევრთან ერთად. # იზრუნეთ ბავშვებზე".

"სკოლის მოსწავლეები, ზოგადად, სკოლა და საგანმანათლებლო გარემო პოლიტიკის გარეთაა და არავის აქვს უფლება, ჩართოს ახალგაზრდები სხვადასხვა პოლიტიკურ ქმედებებში და პროვოკაციებში". - წერს რუსეთის განათლების სამინისტრო. 

23 იანვარს მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის გამართვა იგეგმება. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

გარდა ამისა, ხვალ, 20 იანვარს, ნავალნის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შეურაცხყოფაში ბრალდებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები