ბელარუსი

ყინულის ჰოკეის ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატს ბელარუსში აღარ გამართავს

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მინსკში აღარ გაიმართება უსაფრთხოების საკითხების გამო, რაც, ფედერაციის განცხადებით, მათ კონტროლს მიღმაა. 

ბელარუსში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ბელარუსის ოპოზიცია, არაერთი ევროპული ქვეყანა მოუწოდებდა ფედერაციას, არ გაემართა ჩემპიონატი მინსკში. ამ დრომდე ჩემპიონატის გამართვა მაისსა და ივნისში მინსკსა და რიგაში იგეგმებოდა. 

საერთაშორისო ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა, რენე ფასელმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დასანანია. 

"ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ ვცადეთ, წაგვეხალისებინა მსოფლიო ჩემპიონატის საკითხი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო შერიგების იარაღი, რაც დააწყნარებდა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს, რაც ამჟამად ბელარუსში ხდება და წინსვლისთვის გზა მოიძებნებოდა." - თქვა მან. 

მისი თქმით, ჩემპიონატი არცერთმა მხარემ პოლიტიკურ დაწინაურებად არ უნდა გამოიყენოს და ფედერაცია აცნობიერებს იმას, რომ მინსკში ღონისძიების გამართვა არ არის შესაფერისი, როცა საჭიროა უფრო დიდ საკითხებთან გამკლავება და, მისივე თქმით, გუნდების, მაყურებლების და ოფიციალური პირების უსაფრთხოებაა პრიორიტეტული.  

ბელარუსის ოპოზიცის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, გადაწყვეტილებას მიესალმება - "ბრძნული ნაბიჯია, მხარი დაუჭირო ადამიანის უფლებებს და მართალ სპორტს, არ ითანამშრომლო ბელარუსის რეჟიმთან", "მადლიერები ვართ, რომ ბელარუსების ხმა გაიგეთ". - წერს ტიხაოვსკაია

გადაწყვეტილებას ასევე მიესალმება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ამჟამად ფედერაცია განიხილავს სტატუსს თანამასპინძელი ქვეყნის, ლატვიისთვის. დანია და სლოვაკეთი შესაძლო მასპინძლებად განიხილებიან ანდა,  შესაძლოა, ჩემპიონატი ლატვიაში ჩატარდეს. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები