აშშ-ჩინეთი

ტრამპის ბრძანებით შემოწმდება ჩინური დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები

დონალდ ტრამპი
Getty Images

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს სააგენტოები შეამოწმებენ ჩინური წარმოების დრონების გამოყენების რისკებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყენებას შეწყვეტენ. ბრძანება ასევე შეეხება იმ ქვეყნების მიერ წარმოებულ დრონებს, რომლებიც "მოწინააღმდეგეებად" არიან შეფასებული, მათ შორის რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ბრძანება აშშ-ს სააგენტოებისგან მოითხოვს იმ ნაბიჯების განსაზღვრას, რომლებიც გადადგმული იქნება პოტენციური რისკების შესამცირებლად.

გასულ თვეს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა შავ სიაში შეიყვანა ჩინური კომპანია SZ DJI Technology Co, რომელიც მსოფლიოში დრონების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. შავ სიაში ათობით სხვა ჩინური კომპანიაც მოხვდა.

2020 წლის იანვარში აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ფლოტიდან გამოითხოვა 800 ჩინური წარმოების დრონი, თუმცა აღნიშნა, რომ საგანგებო შემთხვევებში დრონებს გამოიყენებდა. აშშ-ს შინაგან საქმეთა მდივანმა დევიდ ბერნჰარდტმა ოქტომბერში შეაჩერა დეპარტამენტის მიერ ჩინური წარმოების დრონების შესყიდვა.

2019 წლის მაისში აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკული ფირმები ჩინური წარმოების დრონებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. დეპარტამენტის ცნობაში ნათქვამია, რომ შეშფოთებას იწვევს ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც ამერიკულ მონაცემებს გადაიტანს იმ ავტორიტარული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც თავის სადაზვერვო სამსახურს აძლევს დაუბრკოლებელ წვდომას ასეთ ინფორმაციაზე.

კომენტარები