მე-10 მოწვევის პარლამენტი

DI: ოპოზიციის 4 დეპუტატის შესვლა ვერ მოაგვარებს ერთპარტიულობის პრობლემას პარლამენტში

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი საქართველოს პარლამენტში ევროპელი სოციალისტების შესვლას განცხადებით ეხმაურება, სადაც წერია, რომ ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლა ერთპარტიულობის პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

ევროპელი სოციალისტების სამი წევრი - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე პარლამენტში პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა, მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. მეოთხე წევრი - ავთანდილ ენუქიძე კი, პატრიოტთა ალიანსის სიის მეოთხე ნომერი იყო და საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს.

"ოპოზიციის მხოლოდ ოთხი დეპუტატის შესვლა ვერ მოაგვარებს ერთპარტიულობის პრობლემას საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ვერ შექმნის ფრაქციას, რაც გამორიცხავს მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მთელი რიგი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას". – წერია განცხადებაში.

დემოკრატიის ინდექსი წერს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მხოლოდ ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება და სხვა დანარჩენებს საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილებებს შეუწყვეტს.

"შესაბამისად, თუ პარლამენტი დააკმაყოფილებს ოპოზიციის დანარჩენი წევრების მოთხოვნას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ოპოზიციის ოთხი დეპუტატის არსებობის პირობებშიც კი, პარლამენტი 94 წევრის შემადგენლობით კვლავ უუნარო იქნება განახორციელოს შემდეგი კონსტიტუციური პროცედურები:

- ვერ მოხერხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. კონსტიტუციის გადასინჯვას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება;

- თუ პრეზიდენტი დაარღვევს კონსტიტუციას ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება,პარლამენტი ვერ გამოუცხადებს პრეზიდენტს იმპიჩმენტს. პრეზიდენტის იმპიჩმენტს სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება;

- ვერ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამგვარი კანონის მიღებას სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ვინაიდან ოთხი დეპუტატის პირობებში შეუძლებელია ოპოზიციური ფრაქციის შექმნა, ოპოზიცია ვერ შეძლებს განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები:

- არ იქნება წარმოდგენილი ნდობის ჯგუფში. ნდობის ჯგუფის წევრებს მხოლოდ ფრაქციები ასახელებენ;

- ვერ მოახერხებს საგამოძიებო კომისიის შექმნას. საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხის ინიცირებას 30 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო კომისია იქმნება 50 პარლამენტის წევრის მხარდაჭერით. შესაბამისად, ოთხი დეპუტატი არ არის საკმარისი ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დასაყენებლადაც კი;

- საპარლამენტო დებატები ვერ იქნება ეფექტიანი. ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიტიკური დებატებისთვის, ჯამურად, მხოლოდ 12 წუთი ექნებათ, ხოლო მმართველ გუნდს - 75 წუთი;

- ინტერპელაციის წესით ვერ დაიბარებენ პლენარულ სხდომებზე მინისტრებსა და სხვა თანამდებობის პირებს. ინტერპელაციის წესის გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს აქვს;

- ვერ დაიბარებენ თანამდებობის პირებს კომიტეტის სხდომაზე. თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების მოთხოვნის უფლებამოსილება აქვს ფრაქციას ან კომიტეტის წევრთა უმრავლესობას;

15-დან მინიმუმ 7 კომიტეტში ოპოზიცია კვლავ არ იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია გაწევრიანდეს არა უმეტეს 2 კომიტეტში, ხოლო 4 დეპუტატით, მხოლოდ 8 კომიტეტში არის შესაძლებელი ოპოზიციის წარმოდგენა;

- კვლავ ვაკანტური დარჩება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობები. პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილის კანდიდატურის წაყენების უფლებამოსილება აქვთ ოპოზიციაში შემავალ ფრაქციებს, ხოლო კომიტეტების თავმჯდომარეების ერთი მოადგილის კანდიდატურის წაყენების უფლებამოსილება აქვთ ოპოზიციაში შემავალ ფრაქციებს ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს;

- ვერ წარადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის, სახალხო დამცველისა და საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს. მხოლოდ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფია უფლებამოსილი წარუდგინოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის, სახალხო დამცველისა და საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურა;[1]

- ვერ წარადგენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს. საბჭოს წევრის არჩევის წესი ითვალისწინებს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მონაწილეობას. მხოლოდ ფრაქციებს აქვთ საკუთარი კვოტა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენისთვის;

- ვერ დანიშნავენ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის წევრებს. მხოლოდ ოპოზიციაში შემავალ ფრაქციებს აქვთ კომისიის 1 წევრის დასახელების უფლებამოსილება;

პარლამენტის წევრებს კვლავ შეუნარჩუნდებათ ინდივიდუალური დეპუტატისთვის განკუთვნილი შემდეგი უფლებამოსილებები:

- დააინიცირონ კანონების და დადგენილებების პროექტები;

- წერილობითი კითხვით მიმართონ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სხვა თანამდებობის პირებსა თუ ორგანოებს;

- დასვან საკითხები სხდომებზე და მონაწილეობა მიიღონ მის განხილვაში;

- პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით, შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში;

- დააინიცირონ თემატური მოკვლევის საკითხი ან/და კომიტეტის თავმჯდომარის თანხმობით იყვნენ თემატური მომხსენებლები". – წერია განცხადებაში.

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავა, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.

საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, თუმცა, იგი თანაპარტიელებს რიგგარეშე სხდომაზე მოგვიანებით შეუერთდა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე და დავით ზილფიმიანი აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანება ევროპელ სოციალისტებს და საკანონმდებლო ორგანოში ასე შედიან.

"ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავს. 

კომენტარები