კახაძე: ვერასდროს წარმოვიდგენ, ქართველმა კაცმა ანტისემიტური განცხადება გააკეთოს

ლადო კახაძე

ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, მიუღებელია, ქართველმა კაცმა ანტისემიტური განცხადება გააკეთოს.  კითხვაზე, უნდა დაგმოს თუ არა ქართულმა ოცნებამ ოფიციალური განცხადებით ანტისემიტიზმი, ტაბულასთან საუბრისას კახაძე ამბობს, რომ დეტალებს არ იცნობს, თუმცა თუ დასაგმობი იქნება, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

"ვერასდროს წარმოვიდგენ, ქართველმა კაცმა ანტისემიტური განცხადება გააკეთოს, რასაკვირველია, ჩემთვის მიუღებელია, თუ ეს მართლა ასეა. სრულიად იმ სამწყსოს, სადაც მე გავიზარდე, ებრაელი ხალხის მიმართ უდიდესი სიყვარულის და პატივისცემის გარდა, არაფერი ურთიერთობა არ გვქონია, ამიტომ, თუ ასეთი რამე სადმე შეიძლება, მარტო ჩვენთან არა, ანტისემიტიზმს ჩემგან მხარდაჭერა არ ექნება". – ამბობს კახაძე.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე, არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გამოეხმაურა, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხის ცნობიერებაში ანტისემიტიზმი ადგილს ვერასდროს იპოვის". გიდორი facebook-ზე წერს, რომ ის ზალკალიანის განცხადებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

9 იანვარს, ევროპულმა საქართველომ მოითხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან გამოიწვიოს საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია. 

კომენტარები