კორონავირუსი

WHO-ს გუნდის წევრებს, რომლებმაც Covid-19-ის წარმოშობა უნდა გამოიძიონ, ჩინეთში არ უშვებენ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის 2 წევრს, რომლებიც ქალაქ უხანში კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად მიემგზავრებოდნენ, ჩინეთში არ უშვებენ.

ერთ-ერთი მათგანი უკან გააბრუნეს, მეორემ კი ინფორმაცია მაშინ მიიღო, როდესაც ტრანზიტულ ფრენას ელოდებოდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში თქვეს, რომ ჯგუფის წევრებს ვიზა არ მისცეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა თქვა, რომ "იმედგაცრუებულია", რადგან ჩინეთმა ამ დრომდე არ დაასრულა საგამოძიებო გუნდის წევრებისათვის ნებართვების გაცემის პროცესი.

"ორი წევრი უკვე გზაში იყო, სხვებს კი მგზავრობა ბოლო მომენტში გადაედოთ. მე მარწმუნებენ, რომ ჩინეთი დააჩქარებს პროცედურებს". – თქვა მან.

ჩინეთში WHO-ს 10-კაციანი ჯგუფი უნდა ჩავიდეს და რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშაოს ვირუსის წარმოშობის დასადგენად.

გასული თვის ბოლოს გავრცელდა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, ქალაქ უხანში, სადაც Covid-19 პირველად გავრცელდა, სხვადასხვა ეტაპზე მოსახლეობის თითქმის 5% დაავადდა.

ქალაქში სულ 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით თითქმის 500 000 ადამიანი დაავადდა. ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის 10-ჯერ მეტია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალაქში დაავადებულთა რიცხვმა 50 354-ს მიაღწია, სულ ქვეყანაში კი 87 027-ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ასიმპტომურ შემთხვევებს სტატისტიკაში არ ასახავს.

კვლევის განმავლობაში როგორ უხანში, ასევე ხუპეის პროვინციაში, დედაქალაქ პეკინში, შანხაიში და კიდევ 4 პროვინციაში ნიმუში აიღეს 34 000 ადამიანისაგან. მათ 4.43%-ს ორგანიზმში კორონავირუსი ანტისხეულები აღმოაჩნდა.

მიმდინარე თვეს ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს რეალური მონაცემების დამალვაში.

CNN ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა.

ვრცლად: CNN: კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა

კომენტარები