ფეხბურთის ფედერაცია

კობიაშვილი: 2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს

ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6.7 მილიონიდან 4.2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვეტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუთხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ.

ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ – ეს არ ეხება კლუბების დაფინანსებას. ფეხბურთის ფედერაცია არაა ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამაზე უარსაც ვერ იტყვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ნაწილზე ვსაუბრობთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველვყოთ. გვყავს პარტნიორები და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. გვგონია, რომ ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს არაა შემთხვევითი. ამას სულ ვამბობდით და ეს საქმით დავადასტურეთ...

ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

კომენტარები