სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია უდო-ს კომისიამ გაათავისუფლა

Mediamall.GE

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაშია ნათქვამი, ჯანაშიამ საპატიმრო 29 დეკემბერს დატოვა. ჯანაშიას უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმებით მსჯავრი 10-დან 8 წლამდე შეუმცირდა, საიდანაც 4 წელი მას საპატიმროში უნდა გაეტარებინა, ხოლო დარჩენილი 4 კი პირობით მსჯავრად ჩაითვლებოდა. ჯანაშიას მსჯავრი მომდევნო წელს იწურებოდა, თუმცა ის კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე. გიორგი ჯანაშიას. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს",- ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.

სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის აზრით, დაუშვებელია მსგავს საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გავრცელება მაშინ, როდესაც საქმე დასრულებული არაა და მსგავსი ქმედება არის შერჩევითი სამართალი. ლონდარიძის აზრით, ამ ეტაპზე ერთადერთი რამ, რაც ხელისშემყობი შეიძლება იყოს, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შესაძლებლობა იქნება სრულად მიიღონ საქმეში არსებული მასალები.

"მე ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ დაუშვებლად მიმაჩნია მსგავსი ტიპის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მაშინ, როდესაც საქმე დასრულებული ნამდვილად არ არის. კითხვა ძალიან ბევრია საქმეში და მითუმეტეს, როდესაც სახეზე არის ასევე სხვა პირები, მსჯავრდებულები და გამორჩევა მოხდა მხოლოდ ერთი მათგანის და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, თავიდან კი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი ჯანაშიამ ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა, როგორც თავიდანვე აღვნიშნავდით, ძალიან ბუნდოვანება იყო ამ კუთხითაც". - ამბობს ლონდარიძე.

2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევის დროს ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. ამ დრომდე აღნიშნულ საქმეზე სულ 3 მსჯავრდებულია, მათ შორის გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია.

კომენტარები