არჩევნები 2020

უგულავა: კობახიძე მატყუარაა, ელაპარაკებიან ელისაშვილს და გირჩის მეორე ფრთას

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იტყუება, როცა აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას 5 პარტიასთან ჰქონდა ორმხრივი მოლაპარაკებები" და მმართველი გუნდი ოპოზიციის წევრებს ფასილიტატორების გარეშე შეხვდა. 

უგულავას თქმით, ქართული ოცნება მოლაპარაკებებს ალეკო ელისაშვილთან და გირჩის "მეორე ფრთასთან" მართავს. 

"კობახიძე არის მატყუარა. მარტივად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და მე პირდაპირ გეტყვით, ვისაც ელაპარაკებიან - ელისაშვილის და  "გირჩის" მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს. შესაბამისად, ეს ხალხი დადის რაღაცა წინადადებით, ოღონდ ყველასგან მიიღონ პასუხი, რომ თუ გინდა ოპოზიციის ერთობაში, ოპოზიციის ერთობას აქვს ძალიან მკაფიო, გამოკვეთილი, პირველი დღიდან საზოგადოებასთან შეჯერებული პოზიცია, ეს პოზიცია არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა". – ამბობს უგულავა რუსთავი 2-ის ეთერში. 

ოპოზიციური ლიდერების დიდი ნაწილი არ ადასტურებს მმართველ გუნდთან ფასილიტატორების გარეშე შეხვედრას. 

29 დეკემბერს რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის 5 პარტიას ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ. მოგვიანებით უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ "მოლაპარაკებები თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან" იყო, თუმცა, დეტალები, ელჩების მოთხოვნით, კონფიდენციალურია. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები არ ყოფილა იმ პარტიებთან, ვისზეც საზოგადოებას აქვს ეჭვი. 

კომენტარები