ანტისემიტიზმი ეკლესიაში

კობახიძე მეუფე იოანეს პასუხობს: ფაშისტზე უარესი ყოფილხარ

"ფაშისტზე უარესი ყოფილხარ". - ასე პასუხობს თეოლოგი ბასილ კობახიძე ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს. 

"მოწყალება მოიღო ანტისემიტმა ქუთათელმა მეუფე იოანე გამრეკელმა და წერილობით გვიპასუხა მე და ბექა მინდიაშვილს. ჯერ ვიტყვი, რომ მე კი ვთქვი უარი მღვდლობაზე, მაგრამ სინოდს არ დაუდასტურებია, არ განუკვეთივარ, ამიტომ საეკლესიო სამართლის მიხედვით საპატრიარქოსათვის მე სასულიერო პირი ვარ, მღვდელმოქმედებააკრძალული დეკანოზი ბასილ კობახიძე. მეუფე იოანე კი ერისკაცად მომიხსენიებს. ამიტომ მეც ერისკაცად მოვიხსენიებ მას, როგორც ქუთაისის ეპარქიის დირექტორს - გურამ გამრეკელს. 

დირექტორი გ. გამრეკელი ზედაც არ მომაფურთხებდა, მაგრამ როგორც თვითონ წერს, საერთაშორისო სკანდალი ატყდა ჩემს ანტისემიტიზმზეო. ამიტომაც გამოაცხო ეს წერილი და ამიტომაც გამოახტუნეს გუშინ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, გ. გამრეკელის ანტისემიტიზმის ქომაგად. იმის მაგივრად, რომ დირექტორ გ. გამრეკელს ეთქვა: ბოდიში, არ ვარ ანტისემიტი, მაპატიეთ თუ ასე გაიგეთ ჩემი ქადაგებაო და ის წაეშალა თავისი გვერდიდან, დღემდე უტიფრად დაპოსტილი აქვს თავის ოფიციალურ გვერდზე. უფრო მეტიც, გ. გამრეკელი დღეს ახალ ანტისემიტურ წერილს აქვეყნებს, რითაც კიდევ უფრო აღვივებს ანტისემიტიზმს თავის პადხალიმ მღვდლებში და მრევლში. ანტისემიტიზმის გარდა, იგი ამართლებს თავის ქმედებებს პანდემიის დროს, როცა აღდგომას დემონსტრაციულად მოაწყო მრევლის ზედახორა ტაძარში. 

თავის წერილში გ. გამრეკელი შუასაუკუნეების საეკლესიო ანტისემიტიზმს დადებითად წარმოაჩენს და კონფლიქტს ებრაელების „ვერრეალიზებულ ამბიციას“ აბრალებს. ებრაელები ისე ემტერებიან ქრისტიანებს, როგორც დღეს ზოგიერთი აფროამერიკელი თეთრკანიანებს, ოდესღაც კოლონიზატორების მიერ დაშვებული უსამართლობის განცდის გამოო - გვიცხადებს გ. გამრეკელი და იქვე ჩივის, ბ. კობახიძემ ფაშისტი მიწოდაო. ფაშისტზე უარესი ყოფილა ბატონი გურამი. ბ. კობახიძე შემახსენებს, რომ ღვთისმშობელი და მოციქულები ებრაელები იყვნენო - აგრძელებს გ. გამრეკელი, მე კი მასაც და მკითხველსაც შევახსენებ, რომ ანტიქრისტეც ებრაელი იქნებაო. ბოლოს გ. გამრეკელი თავის ღმერთისგან მოითხოვს ჩემი და ბექა მინდიაშვილის დასჯას. ამდენ ყბედობას სჯობდა ქუთაისის ეპარქიის დირექტორ გ. გამრეკელს გელათის ტაძრის კატასტროფული მდგომარეობისათვის მიეხედა, სადაც წყალი ჩადის და ფრესკები ნადგურდება". - წერს ბასილ კობახიძე. 

მეუფე იოანემ ბასილ კობახიძესა და ბექა მინდიაშვილს ანტისემიტიზმზე კრიტიკაზე წერილით უპასუხა. როგორც მეუფე იოანე წერს, კრიტიკა "ახალი შემოტევა" და "ორკესტრირებული თავდასხმაა". 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონლური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა და "ებრაელების და სხვა ერების სიყვარული მან [მეუფე იოანემ] გამიძლიერა".  

"ლაშა ჟვანია მაგალითია, პირმოთნეობას როგორ მიჰყავს ადამიანი მკრეხელობის მორევში.

შეიძლება რომ რომელიმე ქვეყნის ელჩმა ისრაელში ანტისემიტიზმს დაუჭიროს მხარი? დიპლომატიის ისტორიაში მომხდარა ასეთი რამ? ჩვემ აქაც პირველები ვართ ისტორიაში, რადგან საქარველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ქუთათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას ექომაგება. ლაშა ჟვანიას აფერისტობა კარგად იცის საზოგადოებამ. ამ სკანდალურ განცხადებასაც იმიტომ აკეთებს ჟვანია, რომ საპატრიარქოში რაიმე თანამდებობა დაიბევოს, რადგან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც გააგდებენ დიპლომატიური სამსახურიდან და აღარ მისცემენ საქართველოს სახელის შერცხვენის უფლებას". - დაწერა ბასილ კობახიძემ ჟვანიას საპასუხოდ.

კომენტარები