ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები უნივერსიტეტის შენობასთან აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ 2 თვეა, ხელფასები არ აუღიათ.
თანამშრომლები მთავარ არხთან საუბარში ამბობენ, რომ მათ არ იციან, როდის მიიღებენ კუთვნილ თანხას.
"ვმუშაობ დასუფთავებაში, ვასუფთავებ მაისის შემდეგ და არ მქონია პრობლემა აქამდე, მაგრამ ახლა, ნოემბერი-დეკემბერი არ აგვიღია. გვეუბნებიან რომ იქნება, როდის იქნება, არ ვიცი...ახალი წელი მოდის და გვისტუმრებენ ისე". – ამბობს აქციის მონაწილე მთავარ არხთან.
"ხუთშაბათის მერე გვპირდებიან, დარიცხულია, ბათუმიდან მოდის თანხაო, ვრეკავთ, იგივეს გვეუბნებიან. მაგრამ ხელფასები არ არის. დღეს იძახიან, აი, თათბირია და იტყვიან, როდის იქნება ხელფასები". – ამბობს აქციის მონაწილე.
ტაბულა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტი ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.