დავითგარეჯის საქმე

პენიტენციური: მელაშვილის უფლება არ დარღვეულა, კორესპონდენციის გაგზავნას ციხე უზრუნველყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მარიკაშვილის ინფორმაციით, N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს უფლება არ მისცა, მისთვის საქმეზე მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს.

"პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება". – ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ეს უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებაა - ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია, დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორესპონდენცია დაუბრკოლებლად.

ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს უფლება არ მისცა, მისთვის საქმეზე მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა. მარიკაშვილი ფაქტს დაცვის უფლების უხეშად დარღვევას უწოდებს.

"N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება,  ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება". – წერს მარიკაშვილი.

30 ნოემბერს, 214 თავდების მიუხედავად, სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დასდგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები